"ნათია ჯანაშიას მხრიდან სახელმწიფო უწყებების დადანაშაულებას, რასაც მისი დაუსჯელობის სინდრომი განსაზღვრავს, მიჩვეულია საზოგადოება. ამ ჩამონათვალში უკვე აქტიურად ფიგურირებს საქართველოს ეროვნული ბანკი, ყველა სასამართლო ინსტანცია, იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის საბჭო, საჯარო რეესტრი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და განათლების სამინისტრო. ამ ჩამონათვალს დაემატა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც", - აცხადებს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" - აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე.

აფბა "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდიანარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს, რომელიც აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და მინორიტარმა აქციონერმა, ნათია ჯანაშიამ ინვესტორის წინააღმდეგ წამოიწყო და 2 წელია აგრძელებს საქართველოში და დიდ ბრიტანეთში.

კაპანაძის თქმით, კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტზე ჯანაშია-ცეცხლაძის წყვილის მორიგი შეტევა, არ არის სპონტანური და კონკრეტული ორკესტრირებული ნაბიჯების შემადგენელი ნაწილია. ექსპერტის აზრით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წინააღმდეგ ნათია ჯანაშიას ადვოკატის, ქალბატონ თამთა ჯანიაშვილის  ვიდეოშტურმი იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ჯანაშიას მხარე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსის, ლევან ხარაბაძის წინააღმდეგ წარმართავს.

"სამსახურებრივი გულგრილობა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ანგარებით, მესამე პირთა დასაცავად ჩადენილი განზრახ ქმედებები, კორუფციული ინტერესები... ეს სამოხელეო და სისხლის სამართლის დანაშაულებათა ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ნათია ჯანაშიას მხარე პროკურატურას, სასამართლოს, შსს-ს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ბრალად უყენებს. ამას დაემატა თამარ ჯანიაშვილის ვიდეომიმართვაც, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს ნათია ჯანაიაშვილის ნარატივს. აფბას მონიტორინგის სამსახურის მასალებში კარგად ჩანს, რომ ჯანაშიას მხარის გააქტიურება და საგამოძიებო სამსახურის აშკარა და ღია დადანაშაულება კორუფციაში და უმოქმედებაში სწორედ იმ პერიოდიდან იწყება, როდესაც სამსახურში ახალი უფროსი დაინიშნა.

რატომ გახდა ბატონი ლევან ხარაბაძე ჯანაშიას და, შესაბამისად, მისი ადვოკატის სამიზნე, რთული სათქმელია. მითუმეტეს, როდესაც საგამოძიებო სამსახურში საქმე ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში 4 მილიონი დოლარის გაფლანგვა-მითვისების ფაქტზეა აღძრული. არ არის გამორიცხული, ეს თავის გადაზღვევის მეთოდი თაღლითობაში ეჭვმიტანილი პირების მიერ გამოყენებული ცნობილი ხრიკიც კი იყოს, როდესაც ახალ ხელმძღვანელობაზე ზეწოლით დანაშაულის გადაფარვას ცდილობენ,“ - ამბობს კაპანაძე.

აფბას ხელმძღვანელი განსაკუთრებულად აღნიშნავს ჯანაშიას და მისი ადვოკატის გააქტიურებას და ხაზს უსვამს ჯანაშიას გავრცელებულ განცხადებასაც, სადაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობა, კონკრეტული გამომძიებლები, შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები არიან მოხსენიებული და ჯანაშიას მხრიდან კონკრეტულ დანაშაულში მხილებულნი. ამასთან ჯანაშია და მისი ადვოკატი ამ პირების დასასჯელად სახელმწიფო უშიშროების სამსახურს მიმართავს.

„განცხადებაში პირდაპირ არის დასმული კონკრეტული თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. კერძოდ, საუბარია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებზე, მათ ყოფილ ზემდგომ პროკურორზე, ასევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლებსა და მათ ზემდგომ პირებზე, რომლებიც კანონით ვალდებულნი იყვნენ, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაეწყოთ გამოძიება. მათი უმოქმედობით იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის (სსკ-ის 342-ე მუხლი)  და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სსკ-ის 332-ე მუხლი) ნიშნები. განსაკუთრებით საყურადღებოა ვაკე-საბურთალოს პროკურატურის წერილობითი პასუხი, რომ „გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს“, მაშინ, როდესაც ფაქტები დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს. ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს მესამე პირთა ინტერესების დასაცავად ჩადენილ განზრახ ქმედებასთან.

სახელმწიფო მოხელეების უმოქმედობა და ამ დანაშაულებრივ სქემაში შესაძლო მონაწილეობა პირდაპირ თანამონაწილედ აქცევს,“ - ეს განცხადება გაავრცელეს ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ და შემდეგ გაიმეორა მათმა ადვოკატმა, თამთა ჯანიაშვილმა - ამბობს გიორგი კაპანაძე.

ნათია ჯანაშია ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა გახმაურებული ამბებით, რომლის მიხედვითაც ის 60 მილიონი ლარის აქტივებსა და ქონებას, ლუქს კლასის ავტომობილებსა და კატარღებს ფლობს და „ფორბსის“ უმდიდრესი ქართველი 100 მეწარმის სიის პრეტენდენტია.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში  დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე (#092060925001), სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  დიდი ოდენობით, შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის" კუთვნილი თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.  გამოძიების პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს). აღსანიშნავია, რომ  გამოძიება დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ფაქტებზე დაყრდნობით არის დაწყებული.