საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავად დაიწყო. აგვისტოს ბოლოს, მთავარი მწვრთნელის, ოლეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ორ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ორი შესანიშნავი თამაში შემოგვთავაზა: შინ მონტენეგრო დავამარცხეთ (101:74), გასვლაზე კი პორტუგალიასაც ვძლიეთ (90:98).

ამ ორი გამარჯვების შემდეგ, საქართველო I ჯგუფში 13 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს. სატურნირო ცხრილში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. ჯგუფს უკრაინა ლიდერობს (14 ქ.), ხოლო მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს ჩვენსავით 13 ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით გვასწრებს. 4-6 ადგილებს პორტუგალია, საბერძნეთი და მონტენეგრო იყოფენ (12-12 ქულით).

ასე რომ, შესანიშნავი სტარტის მიუხედავად, მეორე რაუნდში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ვინაიდან მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 3 საუკეთესო ნაკრები გადის, შანსს ექვსივე გუნდი ინარჩუნებს. წინ კიდევ 4 თამაშია და მთავარი ბრძოლები ახლა იწყება.

მომდევნო ორ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები ნოემბერში გამართავენ: 26 ნოემბერს გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 ნოემბერს სახლში, პორტუგალიას უმასპინძლებენ.

სამწუხაროდ, NBA-ის გადატვირთული კალენდრის გამო, ამ ციკლში ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ვერ დაეხმარებიან. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ფორმაში შეხვდებიან ნოემბრის თამაშებს ჩვენი ეროვნული ნაკრების სხვა კალათბურთელები.

კაპიტანი

როგორც იცით, თორნიკე შენგელიამ ახალი გუნდის მაისური მოირგო. “ბარსელონაში” არსებული უამრავი ცვლილების ფონზე, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიური კლუბი დატოვა და “დუბაიში” გადავიდა. მისი ახალი გუნდი ადრიატიკის ლიგასა და ევროლიგაში ასპარეზობს და საკმაოდ ამბიციური, დიდი გეგმებიც აქვს.

“დუბაიმ” ადრიატიკის ლიგა 2 გამარჯვებით დაიწყო, ევროლიგაში გამართული 6 შეხვედრის შემდეგ კი 4 მოგებით მე-7 ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პარკეტზე საშუალოდ 15:53 წუთს ატარებს და მისი მონაგარი ასეთია: 6.5 ქულა, 2.6 მოხსნა.

ახალი სახე

ჩვენი ნაკრების ქომაგმა უკვე იხილა ალექსანდრე მერკვილაძის შესანიშნავი თამაში ეროვნული ნაკრების მაისურით. მერკვილაძე, რომელმაც 9 წელი აშშ-ში გაატარა, კარიერას ნიდერლანდურ “დონარ გრონინგენში“ აგრძელებს. ახლახან ქართველ კალათბურთელს BNXT ლიგაში დებიუტიც ჰქონდა და თავი ჩინებულად წარმოაჩინა.

მერკვილაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 33:42 წუთში ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა - საკუთარ აქტივში 20 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. ალექსმა 9-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მერკვილაძე მომდევნო თამაშებშიც გუნდის ლიდერი იყო და სამ შემთხვევაში ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა (საშუალოდ 33:39 წუთი, 17.6 ქულა, 8 მოხსნა, 1.8 ასისტი).

ანდრონიკაშვილის მოკლე კონტრაქტი

სიახლეა რატი ანდრონიკაშვილის კარიერაშიც - მან ორთვიანი კონტრაქტი ესპანეთის ლიგა ენდესაში მოასპარეზე “მორაბანკ ანდორასთან” გააფორმა. ხელშეკრულების გაგრძელება უშუალოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შეეწყობა რატი ახალ კლუბს და როგორ წარმოაჩენს თავს ამ დროში.

აღსანიშნავია, რომ ანდრონიკაშვილს კარიერის განმავლობაში არაერთ ესპანურ გუნდში (მურსია, სარაგოსა, ობრადოირო) უასპარეზია, შესაბამისად, ადგილობრივი ჩემპიონატი და გარემო მისთვის სრულიად ნაცნობია.

“მორაბანკ ანდორამ” მიმდინარე გათამაშებაში 4 თამაში გამართა და მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ანდრონიკაშვილს თანდათანობით უფრო მეტი სათამაშო დრო ეძლევა. ბოლო ტურში გუნდს გამარჯვებაში 4 ქულით, 1 ასისტითა დაეხმარა.

ნატურალიზებული მოთამაშე

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე ჩინებულ ფორმაში იმყოფება. მარკის რიდის “ბაშაქშეჰირი” თურქეთის ჩემპიონატში თამაშებს მიჯრით იგებს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. რიდმა თავი ევროთასზეც გამოიჩინა, სადაც სტამბოლურმა კლუბმა “რომას” დამაჯერებლად სძლია. მოედანზე გატარებულ 19:53 წუთში მან 15 ქულას, 2 შედეგიან გადაცემასა და 4 მოხსნას მოუყარა თავი.

აღსანიშნავია, რომ “ბაშაქშეჰირი” ბრწყინვალე ფორმაშია და ყველა ტურნირზე ზედიზედ 7 თამაში მოიგო. რიდი ბრწყინვალე იყო ევროლიგაზე ესპანურ “მანრეზასთან”, სადაც გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა (22 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი).

ესპანეთის ლეგიონი

ბოლოს ესპანეთში მოთამაშე კალათბურთელებით დავასრულოთ. ეროვნული ნაკრების გამოცდილმა უკანახაზელმა, დუდა სანაძემ ესპანური “პალმერ ბასკეტი” ივლისში დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს. “პალმერ ბასკეტის” რიგებში მან 25 შეხვედრა ჩაატარა. ჯერჯერობით მისი ახალი კლუბის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გასულ სეზონში ესპანურ “გრანადაში“ ირიცხებოდა ბექა ბურჯანაძე, თუმცა ტრავმის გამო, სამწუხაროდ, სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. მან გუნდის მაისურით 20 თამაშის ჩატარება მოასწრო, სეზონის დასრულების შემდეგ კი ბურჯანაძისა და “გრანადას“ გზები გაიყო.

საკმარისი სათამაშო დრო ეძლევა ესპანური “ალიკანტეს” ფორვარდს, გიორგი კორსანტიას, რომელიც გასულ სეზონში ასევე ესპანურ “გიპუზკოა ბასკეტში” ირიცხებოდა. “ალიკანტემ” 4 თამაში ჩაატარა და ოთხივეში გაიმარჯვა, კორსანტია კი 20:41 წუთში საშუალოდ 10.8 ქულას და 7 მოხსნას აგროვებს.

სიახლეებია ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელის გარშემოც: გიორგი ფევაძემ ახალ კლუბში, ესპანურ “ბურგოსში“ გადასვლისთანავე დაიმკვიდრა ადგილი, თუმცა მის გუნდს ჯერჯერობით გამარჯვება არ მოუპოვებია.

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს სპორტსმენებს.

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.