„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესვლას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი გიორგი ფანგანი ეხმიანება და აცხადებს, რომ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი მოქმედი ნორმის გაგრძელებაა.
„პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის ერთი ნაწილი, უბრალოდ, მოქმედი ნორმის გაგრძელებაა. ეს ეხება სასმელი წყლის და წყალარინების ტარიფებს, რომელიც გულისხმობს, რომ კომისიას აქვს უფლება ჯვარედინი სუბსიდირება გამოიყენოს ტარიფის დადგენის დროს. მისი ვადა გრძელდება, რადგანაც არსებული ტარიფები წყალმომარაგების სექტორში უკვე დადგენილია იმ სახით, რომ ძირითადად, კომერციულ ტარიფზე არის ტვირთი გადატანილი. შესაბამისად, 2026 წლის დეკემბერში ამ ნორმას ვადა გასდის და ჩვენ, უბრალოდ, მას ვადას ვუგრძელებთ.
მეორე ნაწილი რაც არის, ეს არის უკვე უშუალოდ, რომ მოხდეს სხვადასხვა ტიპის ტარიფის დადგენა, მოცულობის მოხმარებასთან დაკავშირებით.
დღეს, როგორც ვიცი, უკვე უნდა დამტკიცდეს ეს კანონი და შევა ძალაში. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე მოხდება, კანონიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები ჩვენს ნორმატიულ აქტებში, კონკრეტულად, ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაში და შემდეგ უკვე, ასე ვთქვათ, გამოისახება რა ტიპის სტრუქტურა იქნება ტარიფების მიმართ, როგორც ბუნებრივი გაზის სექტორში, ისე წყალმომარაგების სექტორში.
თუ კანონი იქნა მიღებული, ამ კანონის საფუძველზე დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება ზუსტად იმ საფუძვლებით, რაც კანონის განმარტებით ბარათს ახლავს და უკვე ახალი მეთოდოლოგიით, ახალი სატარიფო სტრუქტურით დამტკიცდება ტარიფები ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სექტორებში.
ახლა მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უშუალოდ ტარიფებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს როგორც მარეგულირებელი აუდიტი, ისე ტარიფის შემადგენელი ძირითადი კომპონენტების დათვლა და დეკემბრის ბოლოს, როგორც ყოველთვის, უკვე გვექნება ზუსტი სურათი, როგორი იქნება ტარიფები მომხმარებლებისთვის.
ზოგადად, არსებობს ძალიან ბევრი ტიპის ტარიფი, რომ ავიღოთ მსოფლიო პრაქტიკა, მაგალითისთვის გეტყვით, არსებობს დღეღამური ტარიფი, რაც აპრობირებულია დასავლეთში, არსებობს ფიქსირებული ტარიფები, ასევე, მოხმარების მიუხედავად როცა იხდი გარკვეულ თანხას, იგივე ინფრასტრუქტურის მზადყოფნის ტარიფი და ა.შ.
ჩვენ დღეს საქართველოში რაც გვაქვს, ეს არის ერთადერთი - საფუხერებრივი ტარიფი, რაც არის ელექტროენერგეტიკაში. მოგეხსენებათ, სამი საფეხურია, რომელიც ყოველთვე ანგარიშდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო თვიდან ვიწყებთ ახალ ათვლას.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფებს, ჩვენ მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ, გვეცოდინება უკვე იმიტომ, რომ არსებობს რამდენიმე სცენარი, რომლებითაც შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ჩვენი ამოსავალი წერტილი ეს არის სოციალური საკითხების გათვალისწინება, მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობას ანუ ენერგიის დაზოგვის საშუალებას.
მეთოდოლოგიაში გვაქვს რამდენიმე სცენარი გათვალისწინებული და რომელსაც დავამტკიცებთ, რა თქმა უნდა, მოსახლეობას გავაცნობთ“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.













