„თბილისის ფინანსური სამიტი“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს მეორედ ტარდება და მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ღონისძიება სინგაპურის გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის ( GFTN) აღმასრულებელმა დირექტორმა სოპნენდუ მოჰანტიმ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მიმართეს.

„უკვე მეორე წელია, საქართველო იმ საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს, მათ შორის სინგაპურს, იაპონიასა და შვეიცარიას აერთიანებს. ეს არის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგი“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სამიტის გახსნაზე.

მისი თქმით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ ფინანსური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შეინარჩუნა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკის საშუალო წლიურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, საერთაშორისო რეზერვები კი ბოლო ორი წლის განმავლობაში გაორმაგდა და 8.14 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც, სსფ-ს მეთოდოლოგიით განსაზღვრული მაჩვენებელი (ARA metric) ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება და 128.2%-ს შეადგენს.

ნათია თურნავას განცხადებით, ქართული საფინანსო სექტორი მაღალი კაპიტალიზაციითა და ლიკვიდობის ძლიერი ბუფერებით ხასიათდება, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მის მიმზიდველობას ზრდის. 2025 წელს საფინანსო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წლიურმა ზრდამ 18.7% შეადგინა.

სამიტის მთავარი თემაა რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კორიდორების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ცენტრალური ბანკების პრიორიტეტებზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, ციფრულ აქტივებზე, გადახდების მომავალზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოებაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - „ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის“.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში პოზიციების გაძლიერების, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.