ჩვენ ძალიან კრიტიკული მაჩვენებლები გვქონდა 2020-2021 წლებში და არათუ 35-ე ადგილზე, სხვა პარამეტრები რომ არ გვქონოდა წესრიგში, შეიძლება, ბოლო ათეულში აღმოვჩენილიყავით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ საერთაშორისო რეიტინგებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად პოსტ პანდემიური პერიოდის სირთულეებისა, ქვეყანამ მაინც მოახერხა და 35-ე ადგილი შეინარჩუნა, რითაც ევროკავშირის 11 ქვეყანას გაასწრო.

„როდესაც ევროკავშირის 11 ქვეყანას და ასევე, ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებ ეკონომიკის თავისუფლების მნიშვნელოვან ინდიკატორში, ეს ძალიან კარგია და იმის დასტურია, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც პანდემიურმა პერიოდმა განაპირობა მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში, ქვეყნის ეკონომიკა თავისუფლების კარგ ხარისხს ინარჩუნებს.

მართალია, შედარებითი თვალსაზრისით, ადგილმონაცვლეობა, ანუ კლება გვაქვს, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. მე მინდა, კრიტიკულად შევხედო ამ საკითხს და ვნახოთ, რამ გამოიწვია ყოველივე ეს. არა თუ 35-ე, ჩვენ პანდემიამდელ პერიოდში 12-ე ადგილზე ვიყავით და ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გვისწრებდა, ძალიან შთამბეჭდავი შედეგები გვქონდა. მერე უკვე პანდემიამ, ამის შემდგომმა სირთულეებმა და ეკონომიკურმა შეზღუდვებმა, დეფიციტის და საგარეო ვალის ზრდამ, რაც ეკონომიკის თავისუფლების განმსაზღვრელი კომპონენტებია, გამოიწვია ყოველივე ეს. იმიტომ, რომ ამ ინდექსში განხილულ არ არის 2022 წელი, საუბარია, 2021, ასევე, 2019-20 წლების, ანუ ყველაზე კრიტიკულ მაჩვენებლებზე, სახელმწიფო ვალის, უმუშევრობის ზრდაზე, რაც ასევე მკვეთრად გაუარესდა 2021 წელს და პანდემიის გამოძახილია. ასევე, საუბარია ბიუჯეტის დეფიციტის 3 წლიან მაჩვენებელზე, 2-3-ჯერ აღემატებოდა ნორმას, რაც, ასევე, 2021 წლის გამოძახილია და 3 წლის საშუალო მაჩვენებელი ჰყავთ გამოყვანილი.

ანუ, 2021 წელი, კრიტიკული პერიოდის შემდგომი გამოძახილია და სადაც ეს ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, თავისუფლების მახასიათებლები გამოსწორებულია, განხილული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კრიტიკული მაჩვენებლები გვქონდა 2020-21 წლებში, არა თუ 35-ე ადგილზე, სხვა პარამეტრები რომ არ გვქონოდა წესრიგში, შეიძლება, ბოლო ათეულში აღმოვჩენილიყავით, იმდენად გაიზარდა საგარეო ვალი, ვალის მიმართება მშპ-სთან, იმდენად გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტი... მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ამ კრიტიკულ ვითარებაშიც კი, 35-ე ადგილი შევინარჩუნეთ მსოფლიოში და ევროკავშირის 11 ქვეყანას გავასწარით“,- განაცხადა მიხეილ დონდუამ.

ცნობისთვის, Heritage Foundation-ის 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა და "მეტწილად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფიდან "ზომიერად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა.

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68,7-ია და 2023 წლის ინდექსში შემავალი 176 ქვეყნის სიაში 26-დან 35-ე ადგილზე გადაინაცვლა. ხოლო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის საქართველო 21-ე ადგილზეა, გასულ წელს კი მე-18 ადგილს იკავებდა.