საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათთან ერთად კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ოფისში გამართულ შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესისა და მედიცინის ფაკულტეტების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტები ესწრებოდნენ.

„ირაკლი ლექვინაძემ მოადგილე ლევან კალანდაძესა და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსთან, სერგო სანიკიძესთან ერთად, ახალგაზრდებს სააგენტოს მუშაობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მათ შორის, საუბარი შეეხო კონკურენციის მნიშვნელობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ანტიდემპინგურ ღონისძიებებსა და სტრატეგიული ბაზრების მიმდინარე მონიტორინგებს. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო კონკურენციასა და მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს პერმანენტულად მართავს“, – ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.