დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით „The New Natural“ ლონდონში გაიმართა.
ღონისძიებას კომპანია ,,Swirl Wine Group“-ის ხელმძღვანელი, ცნობილი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.
ქართული ღვინო პროფესიულ აუდიტორიას ბრიტანელმა სომელიემ, რესტორატორმა და ბუნებრივი ღვინის ამბასადორი ჰანი სპენსერმა (Honey Spencer) წარუდგინა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას, კომპანია „Swirl Wine Group” უძღვება. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 178 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18%-ით აღემატება.













