ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში გამართულ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში (London CEEMEA Small Talks), სადაც 15-მდე ინსტიტუციურ ინვესტორსა და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს გააცნეს საერთაშორისო და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო გეგმები.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა ინსტიტუციურ ინვესტორებსა და საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს გააცნეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები და მიმოიხილეს მიმდინარე წელს ევრობონდების რეფინანსირებისა და ახლახან სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული საშინაო სახაზინო ფასიანი ქაღალდებისადმი გამოხატული მაღალი ინტერესი და გამოშვების შედეგები.
შეხვედრებზე, ასევე, განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე სამომავლო გამოშვებების შესაძლებლობები, ბოლო პერიოდში არარეზიდენტი ინვესტორების მხრიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით.
შეხვედრებს დაესწრო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ, ასევე, შეხვედრები გამართა საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების S&P და Moody’s წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები და განახლებული საპროგნოზო მაჩვენებლები, ეკონომიკური განვითარების ტენდენციები და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებთან დაკავშირებული საკითხები.













