ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ალკოჰოლიანი სასმელების QR-ნიშანდება პროდუქტის მიკვლევადობისა და სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებას ემსახურება. მისივე თქმით, სისტემა ფალსიფიკაციისა და გაურკვეველი წარმომავლობის ღვინის წინააღმდეგ ბრძოლის დამატებითი ინსტრუმენტი იქნება, ხოლო ნიშანდების ღირებულება შესაძლოა 10 თეთრი იყოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

როგორც ლევან მეხუზლამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, QR-ნიშანდების კონკრეტული ფორმა და ფუნქციონირების მოდელი შემდგომი რეგულაციების ფარგლებში განისაზღვრება.

"ჩვენთვის როგორც მარეგულირებლისთვის და ამ დარგის ზედამხედველი ორგანოსთვის ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი მიკვლევადობისთვის. ანუ, ამ ნიშანდების საშუალებით სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროდუქტის მიკვლევადობა და შესაბამისად, ის პრობლემები რაც არის - რომ სადღაც გაურკვეველი წარმომავლობის ღვინო იყიდება ხოლმე - ეს ამ პრობლემის მოგვარების ძალიან კარგი საშუალება იქნება.

აღნიშნული ფართოდ გამოიყენება სურსათის სფეროში, რაც მარეგულირებლისთვის ძალიან ბევრ ინფორმაციას იძლევა”, - აცხადებს სააგენტოს თავმჯდომარე.

მისი თქმით, ნიშანდების სისტემამ სახელმწიფო კონტროლის პროცესიც უნდა გაამარტივოს.

"ფაქტობრივად, ყველა ბოთლი წარმოების პროცესში უკვე მიკვლევადი იქნება, რაც შემოწმების, სახელმწიფო კონტროლის ან სახელმწიფო ზედამხედველობის დროს ერთი ორად გაგვიადვილებს ისეთ პრობლემებთან ბრძოლას როგორიც არის ფალსიფიკაცია ან არაკონდიციური ღვინო. ეს არის ის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა მან.

ლევან მეხუზლას განმარტებით, QR-ნიშანდებას მხოლოდ კონტროლის ფუნქცია არ ექნება და შესაძლებელია დამატებითი გამოყენებებიც შეიძინოს.

"გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ ამ ნიშანდებას ბევრი სხვა შესაძლებლობა ჰქონდეს. მაგალითად, ნიშანდება, რომ წაიკითხოს მარეგულირებელმა შესაძლოა სხვა ინფორმაცია მიიღოს და იგივე ნიშანდება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მარკეტინგული მიზნებისთვის და საზოგადოდ ცნობილი იყოს, რომ ეს ნიშანდებული ღვინო არის ნამდვილად ქართული, უსაფრთხო და სახელმწიფო პასუხს აგებს მის შემადგენლობაზე.

გარდა მიკვლევადობისა ძალიან ბევრი შესაძლებლობაა და გვინდა, რომ დარგს გავაცნოთ და შევჯერდეთ იმ ყველა შესაძლებლობაზე, რაც აი ამ აღნიშნულ ნიშანდებას აქვს. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

ნიშანდება არ იქნება უფასო. ჩვენ როდესაც ეს კანონპროექტი პარლამენტში წარვადგინეთ, რა თქმა უნდა, იქ განმარტებით ბარათში განვმარტეთ ეს ყველაფერი, რომ ეს შესაძლოა დაჯდეს მაქსიმუმ 10 თეთრი. თუმცა ეს ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი და მსჯელობის საკითხია, მათ შორის, დარგთან”, - აცხადებს ლევან მეხუზლა.

bp.ge