გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურებისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილების და სპეციალური დანიშნულების ტექნიკური საშუალებების გადაცემის პროცესს დაესწრო. მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციის, ასევე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, დამატებით შეძენილია 45 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი, 14 ერთეული დრონი, 300 ერთეული ფოტოხაფანგი და სამხრე კამერები.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს სატყეო რეფორმის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას. იგეგმება ტყის მცველთა სრულად გადაიარაღება და პასუხისმგებლობის არეალების ოპტიმიზაცია, რათა საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს.

„ტყის დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად, ტყის მართვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება. რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი დანაშაულების პრევენციაა, რისთვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სატყეო სააგენტოს ტექნიკური აღჭურვა და გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ განხორციელებული ნაბიჯები სრულად უზრუნველყოფს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევას - ტყის დაცვას და დანაშაულის პრევენციას”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, მიმდინარე სატყეო რეფორმის ფარგლებში, 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია დამატებითი ღონისძიებები, რამაც უწყების საქმიანობის ეფექტიანობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაზარდოს. დაგეგმილია მაღალი გამავლობის 54 მანქანის შეძენა; ასევე, ტყის მცველების რადიო გადამცემებით და ელექტრონული პლანშეტებით აღჭურვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სატყეო სექტორში უმნიშვნელოვანეს რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში, ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს უბრუნდება. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც თითოეულ ტყის მცველზე გათვალისწინებული დასაცავი ტერიტორია 10 - 15 ათასი ჰექტარიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტარამდე შემცირდება. რეფორმის ფარგლებში გაორმაგდა ტყის მცველთა სახელფასო ანაზღაურება.