ირანის ხელისუფლებამ დაიწყო გემების ეკიპაჟებისგან მოსაკრებლების აკრეფა ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანზიტისთვის.

ამის შესახებ Bloomberg-მა სამშაბათს, წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.

„საკითხში ჩახედული პირების ცნობით, ისინი ცდილობენ თითო გემისგან 2 მილიონი დოლარის საფასურის აკრეფას თითოეული შემთხვევის მიხედვით, რაც არსებითად საზღვაო მარშრუტის გამოყენების არაფორმალურ გადასახადს წარმოადგენს... წყაროებმა აღნიშნეს, რომ ზოგიერთმა გემმა გადაიხადა, თუმცა გადახდის მექანიზმი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მათ შორის რა ვალუტაში და, როგორც ჩანს, ეს სისტემატური პრაქტიკა არ არის“, - იუწყება სააგენტო.

წყაროებმა აღნიშნეს, რომ გადახდები საჯაროდ გამჟღავნების გარეშე ხორციელდება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ თეირანი განიხილავს ასეთი მოსაკრებლების აკრეფის ფორმალიზებას კონფლიქტის მოგვარების უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში.

თუმცა, წყაროები აღნიშნავენ, რომ ასეთი გადახდები, თუნდაც არაფორმალური, მიუღებელი იქნება სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, რომლებიც მათ თავიანთი სუვერენიტეტის საფრთხედ, სახიფათო პრეცედენტად და ჰორმუზის სრუტეზე - ენერგორესურსების ექსპორტისთვის აუცილებელ საზღვაო მარშრუტზე - კონტროლის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევენ.

რეგიონში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სრუტე მხოლოდ მცირე რაოდენობის გემებმა გაიარეს, რომელთაგან ბევრი ირანთანაა დაკავშირებული. ინდოეთისკენ მიმავალი გაზის ოთხი გადამზიდავიც სპარსეთის ყურიდან გავიდა.