საქართველოს ბანკი - სუხიშვილების მთავარი სპონსორი.
ხმაურიანი და მძვინვარე ნიუ იორკის შუაგულში, 57-ე ქუჩასა და მეშვიდე ავენიუს მიმდებარედ, არის ერთი უცნაური შენობა. შენობის ყოველი კედელი, სარკმელი, სკამი თუ მოაჯირი განსაკუთრებული რუდუნებითაა შერჩეული. ისე, რომ პატარა კუთხეც შენობის აკუსტიკის განუყოფელ ნაწილად იქცეს.
ეს შენობა გიგანტურიცაა და ძალიან ინტიმურიც, ლეგენდარულიცაა და თავსაც გავიწყებს, მას საუკეთესოდ შეუძლია მოსმენა და მის ჰანგებს ასწლეულებია განაბული უსმენენ.
ნიუ იორკისგან ძალიან შორს კი არსებობს ანსამბლი, რომელმაც ხალხური ცეკვის წესები გადაწერა. გაუძლო საბჭოთა დიქტატურას, გარდამტეხ ეპოქებს, რევოლუციას და რთულ ისტორიულ პერიოდში შემოინახა ქართული კულტურის ჰაეროვანი ფესვები, რომელიც ერთდროულადაა ტრადიციულიც და ინოვაციურიც. შენობას კარნეგი ჰოლი ჰქვია, ანსამბლს კი სუხიშვილები და მათ შორის ლეგენდარული დუეტი 17 იანვარს შედგება.
კარნეგის ისტორიული აკუსტიკა
კარნეგი ჰოლში შესვლა თანამედროვე სამყაროს კულტურულ არქივში შებიჯებას ჰგავს. ამ კედლების ისტორიულ აკუსტიკაში წარსული აწმყოს განუყოფელი ნაწილი ხდება. ისტორიის ხმაც ყველაზე მკვეთრად, ალბათ, წარმოდგენის წინა სიჩუმეში ისმის.
კარნეგი ჰოლის სცენაზე გამოსვლა ნიშნავს იმ კულტურული ტრადიციის ნაწილად ქცევას, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა თანამედროვე ეპოქის მუსიკა. ამ სივრცეში, წლიდან წლამდე, იკვრებოდა ყველაფერი: კლასიკური მუსიკიდან ჯაზამდე და ფსიქოდელიური როკიდან პოპამდე. ჰოლის აკუსტიკურ მეხსიერებაში დალექილია ერთდროულად ჩაიკოვსკი, მალერი, ბარტოკი, გერშვინი, ბილი ჰოლიდეი და ბიტლზი.
ისტორიის განმავლობაში კარნეგი ჰოლის მყარ, მაგრამ ამავე დროს მოქნილ კედლებში კულტურის წესები არაერთხელ დაირღვა და დაიწერა. აი, მაგალითად, 1961 წლის საღამოს, რომელიც შოუ-ბიზნესის ისტორიაში უდიდეს საღამოდაა მიჩნეული, კარნეგიში ჯუდი გარლანდის ხმამ სიმფონიასავით გაიჟღერა.
“ჯუდი კარნეგიში” წარმოდგენამ აუდიტორია რელიგიური ეპიფანიის მსგავს ტრანსში ჩააგდო, კონცერტის ბოლოს მსმენელები სცენასთან მოგროვდნენ და ჯუდისგან ჯიუტად ითხოვდნენ, არ დაესრულებინა საღამო.
ჯაზის „დიდ“ საკონცერტო სცენაზე ოფიციალური გამოჩენაც კარნეგი ჰოლის ისტორიას უკავშირდება. 1938 წელს ბენი გუდმენის ბიგბენდის კონცერტმა ამ სცენაზე სრულიად გადაწერა „პრესტიჟული“ მუსიკის ჩარჩოები და ჯაზის ადგილი დიდი სიმფონიური მუსიკის გვერდით მონიშნა.
არანაკლებ სიმბოლური იყო 1964 წელიც, როცა კარნეგი ჰოლის დარბაზი ბიტლომანიის ხმაურიანმა ტალღამ მოიცვა. ფილარმონიული კონცერტებისთვის ჩვეულმა სივრცემ იმ საღამოს ფსიქოდელიური როკისა და პოპის რიტმით დაიწყო ვიბრირება.
ამ ლეგენდარული ჰანგების პოლიფონიური ვიბრაცია დღესაც იგრძნობა კარნეგი ჰოლში, რომელიც თავად იქცა შემოქმედებითი ჟინის სიმბოლოდ და ქამელეონივით იცვლის სახეს.
სუხიშვილები – მოქნილი ტრადიცია
“ანსამბლი საქართველოდან” – ამ მოკრძალებული დახასიათების მიღმა დიდი ისტორიაა დასზე, რომელიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა, ქართული სულის დინამიკურობა მოძრაობით შემოინახა და მისი ცვალებადი სახე თეატრალურ წარმოდგენებში ასახა.
ანსამბლმა ხალხური ცეკვისა და პერფორმანსის საზღვრები განავრცო, ფოლკლორს ბალეტის ელემენტები შეურია, ძლიერი დრამატურგიით და დახვეწილი ტექნიკით ცეკვა თეატრალურ წარმოდგენად აქცია. წარმოდგენად, რომელმაც დაიპყრო მსოფლიო სცენები - მეტროპოლიტენ ოპერა და მედისონ სქუერ გარდენი, როიალ ალბერტ ჰოლი და კოლიზეუმი.
საკონცერტო დარბაზ ლასკალას სუხიშვილების ვირტუოზული წარმოდგენა კი თითქმის ლეგენდადაა ქცეული. ეს იყო უპრეცედენტო ფენომენი, როცა პრესტიჟული დარბაზი ხალხური ცეკვის ანსამბლს დაეთმო. წარმოდგენის დასასრულს დარბაზში ოვაციები არ წყდებოდა და ფარდა რეკორდული რაოდენობით, 14-ჯერ აიწია.
ლეგენდარული შეხვედრა
80-წლიანმა ვირტუოზულმა საშემსრულებლო კარიერამ სუხიშვილების დასი კარნეგი ჰოლის კარებთან მოიყვანა. ლეგენდარული შეხვედრა 2026 წლის 17 იანვარს შედგება. ეს დღე დიდი კულტურული მოვლენაა, როცა კარნეგი ჰოლის ისტორიულ არქივად ქცეულ კედლებზე ანსამბლი საკუთარ ისტორიას დაწერს.
ღონისძიების ორგანიზატორია Emolas Corporation, გენერალური სპონსორი კი საქართველოს ბანკი, რომელიც სუხიშვილების უშრეტ შემოქმედებით ჟინს ერთგულად უჭერს მხარს.
თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ და გიყვართ ქართული კულტურა, შემოუერთდით ემიგრანტების ჯგუფს, რომ მსგავსი დღეები ერთად აღვნიშნოთ!













