შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მივიჩნევთ ტრანსფორმაციულ პროექტად, ამ პროექტის განხორციელების გარეშე რთული იქნებოდა ჩვენთვის ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის მთავარი თემა იყო - შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.
პრემიერის თქმით, ეს არის ერთობლივად საინტერესო პროექტი, რომლის საშუალებითაც საქართველო გაზრდის წარმადობას გენერაციის მიმართულებით.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მივიჩნევთ ტრანსფორმაციულ პროექტად. ძალიან ამბიციური და რეალისტური პროექტია. ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. ეს პროექტი ტექნიკურად განხორციელებადია, ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ მიმართულებას. შავი ზღვის კაბელი 1155 კილომეტრის სიგრძისაა და დააკავშირებს საქართველოს ევროპულ ენერგობაზართან.
განსაკუთრებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუმინეთის გავლით. ჩვენ გავზრდით ჩვენს წარმადობას გენერაციის მიმართულებით და ექსპორტისთვის გვექნება გამომუშავებული ელექტროენერგია. ევროპაში სხვა ბაზრებზეც გავალთ. ამ პროექტის განხორციელების გარეშე რთული იქნებოდა ჩვენთვის ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება.
ამიტომ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პროექტს და გვიხარია, რომ ევროკომისიამ ეს პროექტი ჩართო თავის პრიორიტეტების ნუსხაში. ეს არის საერთო ინტერესების პროექტი და კიდევ უფრო ოპტიმისტურად ვართ ამ პროექტის განხორციელების მიმართ განწყობილები“, - განაცხადა პრემიერმა.













