მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Maib-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი შაგიძე "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი გახდა - ამის შესახებ ინფორმაცია თავად შაგიძემ გაავრცელა.

"დიდი სიხარულით მინდა გაგიზიაროთ სიახლე: მარტიდან, მარეგულირებლის მხრიდან შესაბამისი დასტურის მიღების პირობით, შევუერთდები Bank of Georgia-ს, გენერალური დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

გასული წლების განმავლობაში მქონდა პატივი, სათავეში ჩავდგომოდი სრული ტრანსფორმაციის პროცესს maib-ში. ეს ეტაპი ახლა სრულდება და მე ძალიან მადლიერი ვარ იმ ადამიანებისა და პარტნიორების, რომლებმაც ეს მოგზაურობა შესაძლებელი გახადეს.

ამ გამოცდილებითა და ფინანსურ დირექტორად მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკით აღჭურვილი, მოუთმენლად ველი ჯგუფის ხელმძღვანელობასთან და გუნდებთან თანამშრომლობას, რათა ერთად შევუწყოთ ხელი ზრდის შემდეგ ფაზას, გავფართოვდეთ საერთაშორისო ასპარეზზე და შევქმნათ გრძელვადიანი, მდგრადი ღირებულება.

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო არჩილ გაჩეჩილაძეს ნდობისა და ლიდერობისთვის, ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტს გამოცხადებული ნდობისთვის. მსურს, ცალკე აღვნიშნო სულხან გვალიას ღვაწლი, მისი პარტნიორობა და მრავალი წლის განმავლობაში შეტანილი წვლილი.

ჩემი კარიერის უფრო ადრეულ ეტაპზე "საქართველოს ბანკში" ვმუშაობდი, რა დროსაც მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა მქონდა სულხანთან. ახლა უკან დაბრუნება - გაცილებით ფართო პასუხისმგებლობითა და მასშტაბით - ჩემთვის ერთდროულად ბევრის მთქმელიცაა და დიდი სტიმულის მომცემიც", - წერს გიორგი შაგიძე.