ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად „ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები“ დაასახელა.
ამის შესახებ გამოცემის პუბლიკაციაშია ნათქვამი.
ჟურნალის გარეკანზე, რომელიც ფოტოს „სადილი ცათამბჯენზე“ სტილშია შექმნილი, გამოსახულნი არიან Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, AMD-ს აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სუ, X-ის მფლობელი ილონ მასკი, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი იენსენ ჰუანგი, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი, Google-ის საკუთრებაში არსებული ხელოვნური ინტელექტის კომპანია DeepMind-ის აღმასრულებელი დირექტორი დემის ჰასაბისი, Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი დარიო ამოდეი და ImageNet-ის დამფუძნებელი ფეი-ფეი ლი, რომლებიც ქალაქის თავზე ფოლადის ძელზე სხედან.

გასულ წელს, მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩეული დონალდ ტრამპი წლის ადამიანად დასახელდა.
ბუკმეკერული კომპანია Polymarket-ის გამოთვლებით, ხელოვნური ინტელექტი (AI) შეიძლებოდა 2025 წელს წლის ადამიანად დასახელებულიყო. წინასწარი მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის არჩევის შანსი 69%-ს შეადგენდა. შემდეგ მოდიოდნენ ჯენსენ ჰუანგი, წამყვანი ამერიკული ჩიპების მწარმოებელი კომპანიის, Nvidia-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (14%), OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი (10%), პაპი ლეო XIV (4%) და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (1%).

1927 წლიდან ამერიკული ჟურნალი Time თავის ბოლო ნომერში წლის ადამიანს ასახელებს. ეს ტიტული ენიჭება იმ ადამიანს, რომელმაც ბოლო წლის განმავლობაში მსოფლიო მოვლენებზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, მიუხედავად იმისა, დადებითი იყო ეს გავლენა თუ უარყოფითი. რედაქტორები არ იცავენ მკაცრ ფორმალურ შერჩევის კრიტერიუმებს.
2023 წელს ჟურნალმა წლის ადამიანად მომღერალი ტეილორ სვიფტი დაასახელა, 2022 წელს - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ხოლო 2021 წელს - მეწარმე ილონ მასკი.













