კლინიკებს რეანიმაციების სტანდარტიზაციაზე ინფორმაცია აღნიშნული რეგულაციის დაანონსებისთანავე ჰქონდათ და საკმაოდ დიდი გარდამავალი პერიოდი მიეცათ. შესაბამისად, თავიდანვე შეეძლოთ დაეჭირათ თადარიგი. ასეთ კომენტარს აკეთებს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი კლინიკების განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ მათი სურვილია, რეანიმაციის ახალი სტანდარტების ამოქმედება გადავადდეს. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, მათივე თქმით, შესაძლოა, კლინიკების ნაწილმა ვერ შეძლოს მოთხოვნილ ვადაში - მიმდინარე წლის სექტემბრამდე ამ სტანდარტების დაკმაყოფილება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას პრობლემები შეექმნას. უფრო კონკრეტულად, საწოლების დეფიციტი შეიქმნას.

პაატა ბაირახტარის შეფასებით, ეს უბრალოდ ბლეფია და არანაირი საწოლების დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, რამდენიმე მიზეზის გამო.

„პირველი მიზეზი ისაა, რომ რეალურად ვისაც უნდოდა, სტანდარტიზაციისთვის საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა. მეორე გახლავთ ის, რომ საწოლების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, ისედაც საკმაოდ მაღალია და საშუალოდ 1000 მოქალაქეზე 5.6 საწოლი მოდის, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის მაჩვენებელს. შესაბამისად ყოველგვარ საწოლების დეფიციტზე საუბარი უბრალოდ სპეკულაციაა კლინიკების მხრიდან,“ - განმარტა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, რეანიმაციების არსებული რაოდენობაც სპეკულაციურად არის გაზრდილი. მაგალითად საქართველოში ჰოსპიტლების რაოდენობა ევროპის მაჩვენებელს 2.5-ჯერ აღემატება, რისი მთავარი მიზეზიც საყოველთაო ჯანდაცვის კომპონენტის გათვალისწინებით სახელმწიფოს დაფინანსების მიღებაა, რომელიც გადაუდებელ შემთხვევას ლიმიტის ფარგლებში სრულად აფინანსებს.