"კონკურენციის კოდექსის მიღება მნიშვნელოვანია ანტიინფლაციური ღონისძიებებისთვის", - ამის შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატმა ალი მასიმლიმ განაცხადა.

მისი თქმით, ფასების ხელოვნური ზრდის შედეგად მოსახლეობის ზარალი წელიწადში 500 მილიონ მანეთს აჭარბებს.

„აზერბაიჯანში ფასების ზრდა დამოკიდებულია იმპორტზე, ეკონომიკურ განვითარებასა და მონოპოლიების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. წლიური ინფლაცია 4%-მდე იყო პროგნოზირებული და შედეგად 14.6% შეადგინა. სამომხმარებლო საქონელი 20-92%-ის ფარგლებში გაძვირდა“, - დასძინა დეპუტატმა.

მასიმლის თქმით, ოჯახის ბიუჯეტს განსაკუთრებით ძლიერ დარტყმას მედიკამენტების გაძვირება აყენებს.

„პრეპარატი, რომელიც თურქეთში 3,2 მანეთი ღირს, აზერბაიჯანში 39,4 მანეთად იყიდება. ვფიქრობ, რომ კონკურენციის კოდექსის მიღება თავიდან აიცილებს მსგავს შემთხვევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია თავის დაუსჯელობაში, როგორც უნდა, ისე გაზრდის ფასებს“, - განაცხადა მან.