საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

პრეს–სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს.

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის 27 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე იგი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მაშინ აზარაშვილმა ეკატერინე ტიკარაძე ჩაანაცვლა, რომელიც თანამდებობიდან იმავე წლის 9 დეკემბერს გადადგა.