საქართველოს საპენსიო სააგენტო, საინფორმაციო კამპანიაზე 600 000 ლარს დახარჯავს, ამის შესახებ ირკვევა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვების სისტემიდან. სააგენტო გეგმავს, რომ აღნიშნული თანხით ხელშეკრულება უტენდეროდ, პირდაპირი მოლაპარაკების გზით გააფორმოს. ამასთან, შესყიდვის აღწერაში ნათქვამია, რომ გარკვეული პირები სოციალური მედიისა თუ მასმედიის მეშვეობით რეფორმის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, ხოლო ამ კამპანიის მიზანს მოსახლეობაში რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

„გარკვეული ჯგუფები სოციალური მედიის, მასმედიისა თუ სხვა საშუალებით ავრცელებენ ნეგატიურ და არასწორ ინფორმაციას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. ასეთი ინფორმაციის რეაგირების გარეშე დატოვება დაუშვებელია და მათი გაბათილებისა და სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აუცილებელია უმოკლეს ვადებში სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით საპასუხო ინფორმაციის გავრცელება", - ნათქვამია შესყიდვის დასაბუთებაში.

600 000 ლარის ბიუჯეტი თავის მხრივ რამდენიმე შემადგენელ ნაწილად იყოფა, ესენია სარეკლამო კამპანია - 250 000 ლარი, სარეკლამო-საინფორმაციო ვიდეორგოლის გადაღება - 250 000 ლარი, ვიდეორგოლებისა და საინფორმაციო მასალების განთავსება სატელევიზიო და რადიო გადაცემებში 100 000 ლარი.

საქართველოს საპენსიო სააგენტოში მოქალაქეთა თანხების დაზოგვა 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. ამჟამად საპენსიო სისტემაში 1.3 მილიონი ადამიანი მონაწილეობს, ხოლო მათი საპენსიო დანაზოგის მოცულობა 5 მილიარდ ლარს აღწევს.

bm.ge