"თუ დავაკვირდებით, გაუფასურება სწორედ თურქეთის არჩევნებს დაემთხვა და გრძელდება დღემდე”
ლარის მერყეობა და გაუფასურება უკვე კარგა ხანია გრძელდება. გამოდის, რომ დადებითი ტენდენციისგან გადახრა ერთჯერადი ფაქტორი არ ყოფილა, როგორც ეს თავიდან ითქვა. თითქმის 12-პუნქტიან გაუფასურებას ეკონომისტები სხვადასხვა მიზეზით ხსნიან.
დიდხნიანი გამყარების ტენდენცია დაახლოებით 3 კვირის წინ დაირღვა და ახლა კურსი ყოველდღიურად მერყეობს ანდა უფასურდება.
„ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმით თუ ვიხელმძღვანელებთ, ვნახავთ, რომ 9 მაისს ერთი ლარი 2.4750 ამერიკული დოლარი იყო. მხოლოდ ერთ დღეში, კურსი უკვე 10 პუნქტით გაუფასურდა და 10 მაისს მაჩვენებელი 2.58 ნიშნულამდე დაეცა. 11 მაისს 6-თეთრიანი გამყარება მივიღეთ და კურსი 2.52-ზე ჩამოვიდა.
ასეთი რყევები გაგრძელდა შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა. გუშინ, "ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე ერთი ლარი 2.60-იან ნიშნულამდე დაეცა, თუმცა დღის ბოლოს ცოტათი გამყარდა. ოფიციალური გაცვლითი კურსით კი – 1 ლარი 2.5879 დოლარი ღირს.
საინტერესოა, რა შეიძლება გამხდარიყო კურსის გაუფასურების მიზეზი, მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფაქტორები, რაც ლარზე დადებითად მოქმედებს, არ გაუარესებულმა. საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ფინანსისტ ნიკა შენგელიას აზრით, ქართულმა საბანკო სისტემამ ისევ მოინდომა, რომ კურსის რყევაზე გარკვეული შემოსავალი მიიღოს.
"საერთოდ, კურსის მერყეობას ყოველთვის ჰქონდა ადგილი, მაგრამ კარგა ხანია ასეთი მოცემულობა არ გვქონია. პირდაპირ ვთქვათ, ქართულმა საბანკო სისტემამ ისევ მოინდომა, რომ კურსის რყევაზე გარკვეული შემოსავალი მიიღოს. ლარი აუცილებლად დასტაბილურდება, რადგან სავალუტო შემოდინება ძალიან დიდია და აქედან გამომდინარე, კურსი ვერ გაუფასურდება ისე, როგორც იყო წინა პერიოდებში.
საქართველოს ეროვნული ბანკი თვეში დაახლოებით 100 მლნ-მდე დოლარს იღებს სავალუტო ბაზრიდან, მაგრამ სებ-ი არასდროს არ ერევა მომენტალურად მაშინ, როდესაც პატარა რყევებია. გამოდის, რომ ეროვნულ ბანკს აწყობს ასეთი ცვლილება, რითაც მაქსიმალურად ისარგებლებენ კომერციული ბანკები და დაზარალდებიან მცირე და საშუალო სუბიექტები”, - განუცხადა "რეზონანსს” ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ პროდუქცია არ გაიაფდება.
"ლარის გაუფასურება იმის მანიშნებელია, რომ ფასები ვეღარ გაიაფდება. ძალიან მიკვირს, რომ დეფლაციურ პროცესებზე საუბრობენ. კურსის ასეთი თამაშით ინფლაცია ვერ შეჩერდება.
ამ წლის საგარეო ვალი ჯერჯერობით ბოლომდე გასტუმრებული არ არის. ვალდებულების ნაწილია გადახდილი. 1.175 მლრდ-ია გასასტუმრებელი. მთავრობა ამ ვალუტას, რა თქმა უნდა, შეისყიდის არა მაღალი, არამედ დაბალი კურსით, როგორც შეისყიდა პირველ სამ თვეში, 2.50-ის ფარგლებში. ისე მოხდება ახლაც. ვალუტას შეისყიდის აგვისტოში, ანუ მთავრობა იაფად იყიდის გასასტუმრებელ უცხოურ ვალუტას”, - განუცხადა "რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.
ლარის მკვეთრად გაუფასურების შემდეგ ითქვა, რომ დევალვაცია მხოლოდ ერთჯერადი ფაქტორი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არის არის. მას შემდეგ კურსი უფასურდება და რყევას განიცდის.
ექსპერტთა მეორე ნაწილი ლარის კურსის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებით ხსნის. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ამბობს, რომ დევალვაცია ნეგატიურ მოლოდინს უკავშირდება, რომელიც მეზობელ თურქეთში ჩატარებულ არჩევნებს და მეორე ტურს ეხება.
"წმინდა ეკონომიკური ფაქტორებით რომ განვიხილოთ, კურსის ყველაზე დიდი რისკი საგარეო ვაჭრობის რისკია, სადაც ვგულისხმობ სავაჭრო სალდოსაც და ვაჭრობის დეფიციტსაც. ამ მხრივ ექსპორტის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ დიდი ზრდა. სხვა რა ფუნდამენტალური ფაქტორი შეიძლება გაუარესებულიყო, როცა კურსი უფასურდება? აქ მხედველობაში მაქვს სავალუტო შემოდინებისა და გადინების ბალანსი, ანუ წმინდა სავაჭრო ბალანსი. ეს ეხება ფულად გზავნილებს, ინვესტიციებს, ტურიზმს. ყველა ეს პარამეტრიც გაუმჯობესებულია. ტურიზმი საერთოდ 2019 წლის მაჩვენებელზე მაღალია.
მაშინ კითხვა ჩნდება, რამ გააუფასურა ლარი? ამ ყველაფრის შემდეგ არის ერთი ასეთ მომენტი - სპეკულაციური შეტევა, გარკვეული მოლოდინის საპასუხოდ. მაინც და მაინც არ არის სავალდებულო, რომ სპეკულაციური შეტევა ხელოვნური იყოს. შესაძლოა, გარკვეულმა ბიზნეს სუბიექტებმა ჩათვალეს, რომ ვალუტის ახლა ყიდვა სჯობს, ვიდრე სიტყვაზე ორი კვირის შემდეგ.
რეალურად რომ შევხედოთ, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი ნორმაშია და თან გაუმჯობესებულია და არც საგარეო ვაჭრობაში არ არის რაიმე რისკი, მაშინ სწორედ მოლოდინის გარემოება უნდა ვივარაუდოთ. ეს მოლოდინი კი უკავშირდება თურქეთის არჩევნებს და მეორე ტურს. გარკვეულწილად ნეგატიური მოლოდინი არსებობს, რომ თურქეთში შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურმა ექსცესებით ჩაიაროს. შეიძლება იყოს არეულობა და დაძაბულობაც.
უნდა ვიცოდეთ, რომ თურქეთი არის ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი. ბუნებრივია, ყველა ის კომპანია, რომელიც თურქეთთან არის დაკავშირებული, გინდა ექსპორტზე, გინდა იმპორტზე, ახდენს წინასწარ თავის დაზღვევას. არ არის გამორიცხული, რომ ზუსტად ეს მოხდა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ხელოვნურად ვინმემ რამე გააკეთა, უბრალოდ, მოლოდინიდან გამომდინარე მოხდა. თუ დავაკვირდებით, ლარის გაუფასურება სწორედ თურქეთის არჩევნებს დაემთხვა და გრძელდება დღემდე”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ და იქვე დასძინა, რომ არა ეს გარემოება რომ ლარი გამყარებას გააგრძელებდა.
"ჩვენ ბოლო 9 თვე ლარის გამყარებას მივეჩვიეთ და როდესაც დამატებითი რისკ ფაქტორი შემოდის, მას შეუძლია გარკვეული პერიოდი, სანამ ეს მოლოდინი და გაურკვევლობა არსებობს, კურსის სერიოზული რყევა გამოიწვიოს და ეს ხდება კიდეც. ასეთ დროს კითხვა ჩნდება, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია უნდა მოახდინოს თუ არა. ჩემი აზრით - არა, წინააღმდეგი ვარ, რომ მოკლევადიან პერიოდში სავალუტო რეზერვები გაიხარჯოს და სებ-ი ასეც იქცევა, ბაზარზე დოლარი არ გამოაქვს, რადგან ეს დიდ პანიკას გამოიწვევდა. სჯობს, თავად ბაზარმა გაიწოვოს ეს შოკი.
ყველა პარამეტრის მიხედვით, ლარი კიდევ უნდა გამყარებულიყო, მაგრამ ეს რეგიონალური ამბავი დაემთხვა. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთში არჩევნები ნორმალურად ჩაივლის, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. ლარი კი დაიწყებს საბაზრო ნიშნულისკენ წასვლას. ამ პანიკის შედეგად კურსი დაახლოებით, 10 პროცენტული პუნქტიც არის ზედმეტად გაუფასურებული. ეს გარემოება რომ არა, დარწმუნებით გეუბნებით, რომ კურსი 2.40 იქნებოდა”, - დასძინა ცუცქირიძემ "რეზონანსთან”.
როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, საბოლოოდ კურსი მაინც გამყარდება. ასეთი მოლოდინია მთავრობაშიც.
წყარო: resonancedaily.com