FinSPOT-მა სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტებს 3 კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები გაანალიზა, საიდანაც ირკვევა, რომ სამივე კომპანია წარმოადგენს მსხვილ და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტს, რომელსაც სექტორისთვის საკმაოდ მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს. ბაზარზე შედარებით გვიან გამოჩენილი და მცირე ბრუნვის მქონე კომპანიები კი ხშირ შემთხვევაში წაგებაზე ოპერირებენ.

გავეცნოთ სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტებს 3 კომპანიის მაგალითზე:
 

შპს "გორგია" (გორგია - Gorgia)
შპს "მოდუსი" (Modus მოდუსი)
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" (Domino • დომინო)

-----
სამივე კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო მასალების საცალო და საბითუმო რეალიზაცია. კომპანიები ძირითადად ოპერირებენ "აკეთე შენით" ე.წ. DIY (do-it-yourself) კონცეფციის ჰიპერმარკეტების საშუალებით.

სარეალიზაციო პროდუქციის უმეტესობა წარმოადგენს იმპორტირებულ საქონელს, თუმცა ბოლო წლებში იმატა ადგილობრივი წარმოების პროდუქციამაც.

უძრავი ქონების სექტორში გაზრდილი აქტივობის ფონზე, მოთხოვნა გაიზარდა სარემონტო მასალებზეც. შესაბამისად, 2020 წლის გამოკლებით, გაყიდვების აღმავალ ტრენდს ვხედავთ თითქმის ყველა მოთამაშის შემთხვევაში.

სამივე განხილული კომპანია წარმოადგენს მსხვილ და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტს, რომელსაც სექტორისთვის საკმაოდ მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს. ბაზარზე შედარებით გვიან გამოჩენილი და მცირე ბრუნვის მქონე კომპანიები კი ხშირ შემთხვევაში წაგებაზე ოპერირებენ:

- მაგალითად, შპს "ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტმა" (Mihouse • მიჰაუსი) 2020 წელს დაიწყო ოპერირება და ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობს 20%-იანი საერთო მოგების მარჟით, რითიც საოპერაციო ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. როგორც ჩანს, კომპანიას უღირს საწყის ეტაპზე ზარალზე მუშაობა ბაზრის წილის მოპოვების სანაცვლოდ.

- შპს „ბრიკო კავკასუსის" (Bricorama • ბრიკორამა) შემოსავლები კი 2019-2022 წლებში განახევრდა და როგორც დღეს მითხრეს "ბრიკორამას" ჰიპერმარკეტში, კომპანია სრულად წყვეტს ფუნქციონირებას ამა წლის 1 აპრილიდან.
  კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.

-----

სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზიების სექტორში გორგია - Gorgia უპირობო ლიდერია როგორც ბრუნვის, ასევე გეოგრაფიული დაფარვის თვალსაზრისით. "გორგიას" შემოსავლებმა ₾272 მილიონი შეადგინა 2022 წელს, რაც თითქმის 16%-ით აღემატება 2021 წლის შემოსავლებს.

Modus მოდუსი-ს და Domino • დომინო-ს შემოსავლებმა კი ₾145 მილიონი და ₾131 მილიონი შეადგინა, შესაბამისად.

- 2019-2022 წლებში კომპანიების საშულო წლიური ზრდა 9%-30%-ის ფარგლებში იყო. "დომინოს" მაღალი ზრდის ტემპი ძირითადად განაპირობა 2021 წლის ბოლოს გახსნილმა მეორე ჰიპერმარკეტმა.

კომპანიების საერთო მოგების მარჟები 30%-ის ირგვლივაა, რაც თანხვედრაშია საერთაშორისო წამყვანი DIY სექტორის მოთამაშეების მარჟებთან.

სექტორისთვის დამახასიათებელი დაბალი საერთო მარჟის პირობებში, კომპანიების მნიშვნელოვანი ფოკუსი მიმართულია საოპერაციო ხარჯების მართვაზე. კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 16%-24%-ის ფარგლებშია.

- საოპერაციო ხარჯების ძირითადი წილი კი მოდის თანამშრომელთა ხელფასებზე.
- რაც შეეხება სარეკლამო ხარჯებს, კომპანიები საშუალოდ შემოსავლების 0.5%-1.5%-ს ხარჯავენ მარკეტინგის მიმართულებით. მაგალითად, "გორგია" თითქმის ₾4 მილიონს ხარჯავს წლიურად სარეკლამო აქტივობებში, "დომინო" ₾1.1 მილიონს, "მოდუსი" კი კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ნაკლებს - ₾690 ათასამდე.

DIY კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები სექტორისთვის საკმაოდ კარგად გამოიყურება. EBITDA მარჟები 10%-17%ის ფარგლებშია.

კონკურენტებს შორის, ყველაზე დაბალი მომგებიანობის მაჩვენებლები "დომინოს" აქვს. ამასთან ერთად, "დომინო" ყველაზე მაღალ-ლევერიჯიანიცაა, რაც კომპანიის წმინდა მოგების ყველაზე დაბალ მარჟასაც განაპირობებს.

- "დომინოს" მიერ აღებული სესხი მთლიანი აქტივების 93%-ს წარმოადგენს, მაშინ როდესაც კონკურენტების იგივე მაჩვენებელი 17%-40%-ის ფარგლებშია.

როგორც levered free cash flow-ში ხედავთ, "გორგიას" და "მოდუსს" საკმარისი სახრები ჰქონდათ დივიდენების გასაცემად 2022 წელს. "დომინოს კი მაღალი ლევერიჯის გამო აღარ რჩება თანხა დივიდენდის გასაცემად.
  2019-2022 წლებში კუმულატიურად გაცემული დივიდენდები:
- "გორგია": ₾30.2 მილიონი
- "მოდუსი": ₾17.1 მილიონი
- "დომინო": ₾-- (არ აქვს საკმარისი cash flow)
-----
  რა იქნება შემდგომი ნაბიჯი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტებისთვის? რა მოუტანს კომპანიებს განვითარების სხვა ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას?
  ერთ-ერთ შესაძლებლობად შეიძლება განვიხილოთ ეკოსისტემის შექმნა, სადაც მომხმარებელს ერთ სივრცეში მეტი საჭირო და დაკავშირებული სერვისის მიღების საშუალება ექნება:
- მაგალითისთვის, რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი ვებსაიტიდან გამოვიწერე მაგიდა, რომელიც, აღწერის მიხედვით, სახლის პირობებში მარტივად უნდა ამეწყო. აღმოჩნდა, რომ სათანადო ხელსაწყოები არ მქონდა და, ამავდროულად, არც ისე მარტივი ასაწყობი ყოფილა. შესაბამისად, მომიწია სხვა კომპანიასთან დაკავშირება და ხელოსნის გამოძახების სერვისით სარგებლობა;
- ეს პროცესი გაცილებით მარტივად ჩაივლიდა, საშუალება რომ მქონოდა (i) მაგიდის გამოწერასთან ერთად ხელსაწყოები მექირავებინა; ან (ii) მაგიდის აწყობის სერვისი გამოწერასთან ერთად მომეთხოვა;
- ან, მაგალითად, მომხმარებელს უნდა აბაზანის კოსმეტიკური რემონტი. გაცილებით კომფორტული იქნება, თუ საჭირო მასალებთან ერთად მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა ეს რემონტი თავისი ხელსონების გამოძახებით ერთ სივრცეში მოაგვაროს;
- პროფესიონალი ხელოსნების გამოძახების სერვისები უკვე არსებობს. შესაბამისად, მსხვილ DIY კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი ეკოსისტემის გაფართოება მსგავსი კომპანიების შესყიდვით, in-house განვითარებით, ან მათთან დაპარტნიორებით.

რაც შეეხება კომპანიების მფლობელებს: 

  გორგია - Gorgia
  კომპანიის მფლობელი:
- გია გორგოშაძე: 100%
  Modus მოდუსი
  კომპანიის მფლობელი:
- ამირან დარჩიძე: 100%
  Domino • დომინო
  კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე:
- ოლეგ პავლოვი ("Quadrum Investment Management Limited"-ის გავლით)
*დამატებითი ინფო: Quadrum Investment Management Limited საქართველოში ასევე ფლობს შპს CBD Development-ს (სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი") და შპს BD Property-ს ("თბილისი გარდენს").