მიმდინარე წელს, სუბსიდირებული იპოთეკური სესხი 1 208 ოჯახს დაუმტკიცდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოდან“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს.

მათივე ცნობით, “სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" პროგრამის შესაბამისად გაცემული სესხის ჯამურმა მოცულობამ 162 529 609 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის" პროგრამის შესაბამისად, 2021 წლიდან დღემდე, ჯამში, გაიცა 6 559 სესხი, რომლის ჯამურმა მოცულობამ 774 060 463 ლარი შეადგინა.

“საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს N388 დადგენილებით დამტკიცებული “სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, სუბსიდირებული იპოთეკური სესხის ფარგლებში დამტკიცდა 1 208 სესხი (ოჯახი, მარტოხელა მშობელი, ქვრივი), სესხის ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 162 529 609 ლარი.

„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის N387 დადგენილებით, 2021 წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში სულ დამტკიცდა 6 559 სესხი, სესხის ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 774 060 463 ლარი,” - აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.