ჩვენ, მხოლოდ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში 5 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ ქვეყანაში. მიზანი გვაქვს შემდეგი 4 წლისთვის, რომ მოვიზიდოთ, მინიმუმ 9 მლრდ დოლარის ინვესტიციები, რაც არის აბსოლუტურად რეალური, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე შეფასებით, აბსოლუტურად რეალური იქნება, რომ ამ მაჩვენებელსაც მნიშვნელოვნად გადააჭარბოს შედეგმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელებაზე და აღნიშნა, რომ დემოგრაფიული პროცესების სწორედ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.

„ასევე მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარება. ერთ-ერთი პრობლემა, რაც გვაქვს ქვეყანაში არის ის, რომ თანდათან იზრდება დიდი ქალაქები, არის მიგრაცია დიდ ქალაქებში და დემოგრაფიული პროცესების სწორედ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. დაახლოებით, 2.5 მლრდ ლარის ინვესტიციები ჩაიდება კონკრეტულად იმ ფონდებში, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონულ განვითარებასთან. ეს არის ე.წ. „რეგ-ფონდი“, რეგიონული განვითარების ფონდი, ეს არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ეს არის მთის მხარდაჭერის ფონდი, ეს არის სპეციალური პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია გამყოფი საზღვრების პირა დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ეს არის მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა, ამ პროგრამებზე, ფონდებზე დაიხარჯება დაახლოებით 2.5 მლრდ ლარი 4 წლის განმავლობაში.

ადგილობრივი ბიუჯეტები გაიზარდა უკვე მნიშვნელოვნად და ეს პროცესი გაგრძელდება. მთლიანობაში, 2 მლრდ ლარზე ნაკლები იყო 2012 წელს ადგილობრივი ბიუჯეტების ჯამი, აქ შედის როგორც თბილისის, ისე რეგიონული მუნიციპალიტეტები. ეს მაჩვენებელი არის უკვე სერიოზულად გაზრდილი, დაახლოებით, 5.5 მლრდ ლარია წლევანდელი მაჩვენებელი, 2028 წლისთვის, ჩვენი პროგრამის თანახმად, 7 მლრდ ლარს გადააჭარბებს ადგილობრივი ბიუჯეტების საერთო ჯამი და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტიც გვექნება ზრდა ამ მიმართულებით,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.