„50-კილოგრამიანი ტომარა შესაძლოა, 53-54 ლარამდე გაიაფდეს,“ - ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
ლევან სილაგავას თქმით, წლევანდელი ალოობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მთავარი გამოწვევა ხარისხია.
„ალოობა ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად, მოსავლიანობის შეჯამება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. ალაზნის ველზე სამწუხაროდ ამინდები არ იყო და ხარისხი არ იყო ისეთი, როგორი მოლოდინიც გვქონდა, ასე რომ მთავარი გამოწვევა ხარისხია, მაგრამ სხვა რეგიონებში ველოდებით, რომ უკეთესი სიტუაცია იქნება.
დღეის მდგომარეობით, შტაბის ფორმატში კომუნიკაციაში არის მეხორბლე, მეწისქვილე და პურის მცხობელი. შტაბი, როგორც შარშან შექმნილია სოფლის მეურნეობის სამინისტროში და 2-3 კვირაში გვეცოდინება, როგორი იყო წლევანდელი მოსავალი.
ადგილობრივი მოსავლის დაახლოებით 50% საფურაჟე წარმოებაში წავა, ხოლო 50% - სასურსათოში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საფურაჟეს გამოყენება არ აქვს, უბრალოდ ეს არ არის ის ხორბალი, რომელიც ადამიანის მოხმარებისთვის იწარმოება. მას გამოიყენებენ სპირტის ქარხნები, მეცხოველეობა - მეფრინველეობაში და ა.შ.“ - აღნიშნა სილაგავამ.
მისი თქმით, მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირების ტენდენციაა, რამაც შესაძლოა გავლენა საქართველოზეც იქონიოს.
„რუსეთში ხორბლის მოსავლის აღებამ დაიგვიანა და აღსანიშნავია, რომ ფასმა დაიკლო. თუ ერთი თვის წინ შემოტანის ფასი იყო 90-95 თეთრი, დღეს ის 85 თეთრს შეადგენს. ამ ტენდენციამ შესაძლოა, ხორბლის ფასზე საქართველოშიც გავლენა იქონიოს და ფასმა დაიკლოს, ამ დროისთვის კილოგრამი 65 თეთრი ღირს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ კიდევ შემცირდეს. კლასიკური სცენარით თუ განვითარდა ყველაფერი, დასაწყობების მერე, ოქტომბრისკენ, ფასმა შესაძლოა, ზრდა დაიწყოს, მაგრამ ყოველთვის ხდება რაღაც, რამაც ამ პროცესს შეიძლება ხელი შეუშალოს. მაგალითად, ზღვის ჩაკეტვა, და ა.შ. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს ფერმერებს, რომ მოსავალი დაასაწყობონ.
მაგალითისთვის, წელს პირველად ხდება, რომ წისქვილკომბინატებს შეთავაზებული აქვთ, დაასაწყობებინონ ხორბალი. ფასიც სიმბოლური იქნება - 1 დოლარი ტონაზე და როდესაც მათ რეალიზაცია მოუნდებათ, ფასის მიხედვით შესაძლებელი იქნება იქვე ჩააბარონ იმავე წისქვილში, სადაც დასაწყობებული იქნება ან წაიღოს სხვაგან, სადაც უკეთესი ფასი იქნება,“ - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ლევან სილაგავას პროგნოზით, მოსალოდნელია ფასის კლება ფქვილზეც.
„იაფი ხორბლის პირობებში უნდა ველოდოთ იაფ ფქვილს, რაც შეეხება იაფ პურს, ამაზე კომენტარი პურის ასოციაციამ უნდა გააკეთოს. რამდენად შემცირდება პურის ფასი დამოკიდებული იქნება ხორბლის ფასზე. ჩვენი ანალიზით გაიაფდება ფქვილიც. ამჟამად 50-კილოგრამიანი ტომარა 56-57 ლარი ღირს, თუმცა შესაძლოა, ის 53-54 ლარამდე დაიაფდეს,“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.
წყარო: BPN.GE