„თუ საქართველო რუსეთისაგან ნავთობპროდუქტების ალტერნატიულ მომწოდებლებზე გადაერთვება, ეს იქნება ევროპული მიმართულება“, ამის შესახებ „კომერსანტის“ დილის ეთერში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ გაძვირებული საწვავის ფასების ფონზე „რუსული პროდუქტი მაინც შედარებით იაფია. ამიტომ, სანამ ხელი მიგვიწვდება, სანამ შიდა ბაზრის მომარაგებას შევძლებთ, ჩვენ უარს არ ვიტყვით რუსეთზე“.

რაც შეეხება რუსული ბაზრის ალტერნატივას, ვახტანგ იობაშვილის თქმით, ადრე მოვიხმარდით ბულგარულ, რუმინულ, ბერძნულ საწვავს და „ევროპულ მიმართულებას“ დიდი ძებნა არ სჭირდება.

„რაც შეეხება ევროპულ მიმართულებას, ამას დიდი ძებნა არ სჭირდება. საქართველოში არის კომპანია „რომპეტროლი“, რომელიც მთლიანად რუმინულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზეა დაკიდებული. ეს კომპანია ყაზახეთის საკუთრებაა. მოწოდება გვაქვს ასევე ბულგარული ქარხნებიდან. ისინი კომპანია Lukoil-ის საკუთრებაა. „ევრო 5“-ის, მაღალი ხარისხის საწვავი ბულგარეთიდან მოგვეწოდება. ასევე არსებობს საბერძნეთის ბაზარი. წინადადებები გვქონდა საუდის არაბეთიდან, ფასიც მისაღები იყო, მაგრამ გზა იმდენს „ჭამდა“, არ გვაწყობდა. ზღვით გადმოტანილი პროდუქტი ყოველთვის უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მატარებლით“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპულ ბაზარზე გადართვა „შიდა ბაზარზე ფასზე სხვაობას მოგვცემს“, მაგრამ პროგნოზის გაკეთება მაინც რთულია.

„ჩვენ ვიყავით რუმინულ საწვავზე, ბერძნული საწვავიც გვქონდა, ბულგარულიც, მაგრამ როცა ვნახეთ იაფიანი წყარო - რუსეთი, ამიტომ იყო ასეთი მაღალი პროცენტული მონაცემები რუსულ ბაზართან მიმართებაში. ევროპულ საწვავზე გადართვა შიდა ბაზარზე ფასზე სხვაობას მოგვცემს, მაგრამ სანავთობო ქვეყნებსა და სანავთობო ბირჟებს ფასებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება უჭირთ“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

commersant.ge