ენერგეტიკის სექტორის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ის არის, რომ დარგს არ აქვს ცალკე სამინისტრო - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე საუბრობს.

მისი თქმით, რასაც 70 ადამიანი აკეთებდა, იმას ვერ გააკეთებს 15 ადამიანი, რომელიც ახლა ენერგეტიკის მიმართულებით მუშაობს.

"არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც ენერგეტიკის განვითარებას აფერხებს, ცალკე სამინისტროს არ არსებობა. მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები იმ აზრზე, რომ არსებობდეს ენერგეტიკის სამინისტრო, სადაც სამოცდაათი ადამიანი მუშაობდა. მესმის, იმაზე საუბრის ლოგიკაც, რომ ბიუროკრატია შემცირდა, მაგრამ რასაც 70 ადამიანი აკეთებდა, იმას ვერ გააკეთებს 15 ადამიანი, რომელიც დღეს მუშაობს.

მე ყველას პირადად ვიცნობ და ვიცი, რამდენი საქმე აქვთ. მერწმუნეთ, ძალიან უჭირთ აუვიდნენ ამ უზარმაზარი სექტორის მართვას. პოლიტიკის და კონცეფციის შემქმნელი, ენერგეტიკის სტრატეგიის დამწერი, სწორედ ეს უწყებაა და ამდენი საქმის პარალელურ რეჟიმში კეთება წარმოუდგენელია. ამ ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი ენერგეტიკაა და მას უნდა ჰქონდეს ცალკე სამინისტრო" - ამბობს მელიქიძე ,,საქმეში".

ცნობისთვის, ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შესახებ, იმჟამინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის ნოემბერში განაცხადა. ფუნქციები კი, ეკონომიკის სამინისტრომ შეითავსა. საქართველოს ენერგეტიკის ბოლო მინისტრი კი ილია ელოშვილი იყო.