"ჩვენი მიმართულება არის მულტიმოდალური, რაც გულისხმობს იმას, რომ გვაქვს საზღვაო პორტები, ამიტომ კონკურენცია ძალიან გაუჭირდებათ"
სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების მშვიდობიან ფაზაში გადასვლის შემდგომ აზერბაიჯანი და თურქეთი ზანგეზურის დერეფნის გააქტიურებას გეგმავენ. სატრანსპორტო დერეფანი აზერბაიჯანული პროექტია, რომლის სიგრძეც, დაახლოებით, 40 კმ-ია და სომხეთის სიუნიქის პროვინციაზე გადის. ახლა საუბარია იმის შესახებ, რომ პროექტი შესაძლოა, შუა დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი გახდეს, თუმცა ამ მოსაზრებაზე სპეციალისტთა აზრი განსხვავებულია.
აზერბაიჯანი დერეფანს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კავშირის უზრუნველყოფის საშუალებად განიხილავს. იკვრება ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი სატრანსპორტო 'რკალი”, რაც რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილებას გამოიწვევს, თუმცა აზერბაიჯანის და თურქეთის მისწრაფების მიუხედავად, განავითარონ ზანგეზურის დერეფანი, არსებობს მთელი რიგი ხელის შემშლელი ფაქტორები. პირველ რიგში, ეს პროექტის სინქრონიზაციის დარღვევას და დროში გაჭიანურებას უკავშირდება.
ზანგეზურის დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით ექსპერტთა აზრი გაყოფილია. ნაწილი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანული პროექტი შუა დერეფნის ალტერნატივა ვერ იქნება, ნაწილი კი საპირისპიროს ამტკიცებს
როგორც "ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის” დირექტორმა თეიმურაზ ზაქრაძემ განაცხადა, ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება სანერვიულო არ არის, რადგან მისი განვითარებით აბრეშუმის გზა თავის დანიშნულებას და ფუნქციას არ დაკარგავს.
"ეს ყველაფერი დღეს არის გეოპოლიტიკური სპეკულაციები, ამიტომ არ ღირს ამაზე ძალიან პესიმისტურად განწყობა. უფრო მძლავრი და უფრო სერიოზული გეოპოლიტიკური წესრიგია აბრეშუმის გზა, ვიდრე ზანგეზურის დერეფანი. ამ ახალ დერეფანზე ძალიანაც არ ვინერვიულებდი”, - განუცხადა "კომერსანტს” თეიმურაზ ზაქრაძემ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნახიჩევანის გავლით, ახალი ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით, ყველაზე მოგებული აზერბაიჯანი გამოდის, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, მას ეძლევა ნებისმიერი ტვირთნაკადის დივერსიფიცირების შესაძლებლობა. მას შეეძლება მისთვის მისაღები სატარიფო ინსტრუმენტების გამოყენებით, ტვირთნაკადი თავისი ტერიტორიის გავლით, მიმართოს შუა ან ზანგეზურის დერეფნით.
ექსპერტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ ზანგეზურის პროექტი კონკურენციაში შევა შუა დერეფანთან, თუმცა სწორი ინვესტიციების მეშვეობით საქართველოს უპირატესობა ყოველთვის ექნება.
"პირველ რიგში, ზანგეზურის პროექტის განხორციელება სრულად დამოკიდებულია პოლიტიკურ პროცესებზე. ვითარებას ტექნიკურად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ეს მარშრუტი იქნება გარკვეული ალტერნატივა და მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს შუა დერეფანს, მაგრამ ჩვენ გვრჩება სხვადასხვა უპირატესობები, იმდენად, რამდენადაც ჩვენი მიმართულება არის მულტიმოდალური, რაც გულისხმობს იმას, რომ საზღვაო პორტებიც გვაქვს და ა.შ. აღნიშნულ დერეფანს კი აქვს მხოლოდ საავტომობილო და სარკინიგზო მიმართულება. აქედან გამომდინარე, სწორი ინვესტიციების მეშვეობით უპირატესობა ყოველთვის გვექნება.
ჩვენ სატრანსპორტო დერეფნების კუთხით გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა. დაწყებული პორტების გამტარუნარიანობით, გაგრძელებული რკინიგზის გადაადგილების სიჩქარით და ა.შ. ასეთი სახის პრობლემები მნიშვნელოვან ინვესტორებს და გადაიარაღებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ რომ დავივიწყოთ ზანგეზურის დერეფანი და მისი განვითარება, ისედაც შეგვექმნება პრობლემები, რადგან ტვირთის გატარებას ჩვენი ინფრასტრუქტურა ვეღარ მოახერხებს. სწორი ინვესტირების პირობებში ჩვენი კორიდორები უფრო მოდერტიფიცირდება უფრო ბევრი ტვირთის გატარებას შევძლებთ.
აქედან გამომდინარე, საკითხი ასე სწორხაზოვნად არ დგას, რომ თუ ზანგეზურის დერეფანი ამუშავდება, დამთავრდება შუა დერეფნის ფუნქციობა. მთავარია, ჩვენ საპასუხოდ რა ნაბიჯებს გადავდგამთ”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა ბაირახტარმა,
კიდევ ერთი ექსპერტი ნოდარ კაპანაძე ფიქრობს, რომ აზერბაიჯანული პროექტი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საქართველო ყურადღებით უნდა იყოს.
"საერთოდ, ძალიან ძნელი სათქმელია, თუ რა იქნება მომავალში, მაგრამ საკითხავია, ზანგეზურის დერეფანი საქართველოს ალტერნატიული მარშრუტი რამდენად შეიძლება იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს რეგიონი პირდაპირ ესაზღვრება ირანს. ზანგეზურის დერეფნის განვითარება ირანის და რუსეთის ინტერესში არ შედის. ეს შეიძლება შედიოდეს ჩინეთის და ევროპის ინტერესში, მაგრამ, პირველ რიგში, დაინტერესება აქვს თურქეთს, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, აზერბაიჯანი, მაგრამ სხვა ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.
არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც ჰქვია გეოგრაფია. ზანგეზურის დერეფანი იმ რელიეფიდან გამომდინარე, სადაც უნდა გაიაროს, რამდენად შესაძლებელია იყოს საქართველოს ალტერნატივა, არ ვიცი. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის პოტენციალი იმდენად დიდია, რომ ის ერთდროულად ზანგეზურისა და საქართველოს მარშრუტების დაკმაყოფილებას თავისუფლად შეძლებს.
მოკლედ რომ ითქვას, ჩვენ ამ ამბავს, როგორც დიდ საფრთხეს, არ უნდა ვუყუროთ, მაგრამ ყოველ მხრივ ყურადღებით უნდა ვიყოთ”, - განუცხადა ნოდარ კაპანაძემ "რეზონანსს”.
რამდენიმე ხნის წინ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა თქვა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნით, სომხეთი გახდება სატრანზიტო ქვეყანა.
"მე ფიქრობ, რომ „ზანგეზური” ტვირთებს ნამდვილად წაგვართმევს და დააზარალებს ჩვენს ნავსადგურებსაც, თუმცა კონკრეტულად რა მოცულობას წაიღებს და როგორ შეიძლება ტვირთების შენარჩუნება, ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევად მიმაჩნია. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ პროექტის ბედი საბოლოოდ არ გადაწყდება”, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
წყარო: resonancedaily.com