ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობის დონის შემცირება გაგრძელდება და 15.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2024 წელს, ამის შესახებ Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია ნათქვამი.

„სქსტატის“ მონაცემებით, ჯამურად, 2023 წელს უმუშევრობის დონე წლიურად 0.9 პროცენტული პუნქტით 16.4%-მდე შემცირდა.

„2023 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე 15.3%-მდე შემცირდა წინა კვარტალში დაფიქსირებული 15.6%-ის შემდეგ. ეს შემცირება ძირითადად მაღალი ეკონომიკური აქტივობით იხსნება. აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა (+8.4% წ/წ) და მთლიანი დასაქმების 69.8% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულები კვარტალურად 2.1%-ით შემცირდა (-1.6% წ/წ).

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე კვლავ გაუმჯობესდა და 2023 წლის მე-4 კვარტალში 54.3% შეადგინა, რაც გაზრდილია წინა კვარტლის 53.6%-დან და აღემატება ასევე პამდემიამდელ დონეს. ჯამურად, 2023 წელს უმუშევრობის დონე წლიურად 0.9 პროცენტული პუნქტით 16.4%-მდე შემცირდა.

ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობის დონის შემცირება გაგრძელდება და 15.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2024 წელს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.