"თიბისი კაპიტალმა" მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, რომელშიც საინვესტიციო ბანკის ეკონომისტები ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე გავლენას აფასებე.

"სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანი ახალი ამბების მოლოდინში ვართ. რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? რა ზეგავლენა იქნება საქართველოს ეკონომიკაზე? ვეცდებით მოკლედ შევაჯამოთ ძირითადი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ფაქტორები" - სვამენ კითხვას თიბისი კაპიტალში და აანალიზებენ:

"ჩვენი აზრით, დღევანდელი გადასახედიდან, პირველ რიგში მნიშვნელოვანი ტურიზმის სექტორზე ზეგავლენაა. მართალია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წილი ტურისტულ შემოდინებებში დაახლოებით 21%-ს შეადგენს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც შეიძლება იყოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო თვეებში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა, რადგანაც ერთია, როდესაც ზრდის ტემპი ეცემა ან მცირედით უარყოფითი ხდება და მეორეა, როდესაც შემოსავლების მნიშვნელოვან კლებას აქვს ადგილი. იგივე შეიძლება ითქვას სავალუტო ბაზარზე ვალუტის ჯამურ მიწოდებაზეც. გასული წლის მსგავსად, ჩვენი წინასწარი შეფასებით, თებერვალიც სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ერთ-ერთ რეკორდული თვე იყო, დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 2.9 მილიარდი აშშ დოლარი.

მაშინ მცირედით, მაგრამ მაინც რატომ გაუფასურდა ლარი? ჩვენი აზრით ცალსახაა, რომ ამის მიზეზი კონვერტაციებია. ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაა. ამასთან, არა მხოლოდ, მაგრამ განსაკუთრებით კონვერტაციებით გამოწვეული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, გასული პერიოდის პრაქტიკიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ სებ-ის ინტერვენციებს ექნება ადგილი. ამ მხრივ, ასევე არგუმენტია გაზრდილი ნავთობის ფასების გამო მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია. ამდენად, მთლიანობაში ლარის კურსის კუთხით ჩვენი შეფასება უფრო ნეიტრალურია.

ეკონომიკის ზრდას რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ ეფექტი ზომიერად, მაგრამ ნეგატიური იქნება,თავისთავად, სენტიმენტების გათვალისწინებით. ამასთან, ბუნებრივია მოვლენათა განვითარებას გააჩნია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ შარშან ისრაელის მოქალაქეებმა ჩვენთან უფრო მეტი ბინა შეიძინეს, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებმა. ისევე, როგორც უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიკვეთა.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენების ფონზე საერთაშორისო მასშტაბით აშშ დოლარის ქცევა. კერძოდ, თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის სტრატეგიის ფარგლებში. ისტორიულად, აშშ დოლარის, როგორც უსაფრთხო აქტივის სტატუსი დოლარში სესხების საწინააღმდეგო არგუმენტს წარმოადგენდა, რადგანაც მსოფლიო კრიზისებისას ერთდროულად გაყიდვების შემცირება და ვალის ზრდა მაქსიმალურად უნდა იქნეს თავიდან აცილებული. ამ მხრივ, დაახლოებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება გარკვეულწილად მაინც შეიცვალა.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007406-macro-update-georgia