წელს იანვარ-ივლისში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ბიუჯეტში 96 970 399 ლარი შევიდა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 6%-ით ნაკლები მაჩვენებელია.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე) 2024 წლის იანვარ-ივლისში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 102 822 973 ლარი შევიდა.

საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობა 16.7 ათასით შემცირდა. შესაბამისად, ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წლის 7 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.8 მლნ ლარით შემცირდა.

არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს დერეფანი 277 058-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 293 780-მა ტრაილერმა. გამოდის, წელს, ქვეყნის საზღვარი 16 722 ტრაილერით ნაკლებმა გადაკვეთა.

ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.