მაისში საერთაშორისო  ბაზარზე ხორბლის ფასი  თვიურად 15.8%-ით არის  გაზრდილი. როგორია ტენდენცია და  რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს ტენდენცია საქართველოში ხორბალზე ფასის გაძვირების მიმართულებით აისახოს, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ ისაუბრა. მისი განმარტებით, მოსავლის აღება რეგიონში აქტიურ ფაზაში დაახლოებით ორ კვირაში შევა. ამავე დროს ახლა ყალიბდება ფასების ტენდენცია მსოფლიო ბაზარზე.

„მსოფლიო ბაზარზე ფასების ტენდენცია ახლა ყალიბდება, დაახლოებით ორ კვირაში რეგიონში - ეს არის რუსეთი, უკრაინა, ევროკავშირის ქვეყნები და შავიზღვისპირეთის ქვეყნები, მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შევა.  წინასწარი მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, სექტორში მიმდინარე ფასებთან და ბალანსთან დაკავშირებით აშშ-ის სოფლის მეურნეობის უწყების მონიტორინგის მიხედვით, წელი  იქნება საკმაოდ დაძაბული და შესაბამისად ჩვენ უნდა ველოდოთ გამოწვევებს მსოფლიო ბაზრებიდან გამომდინარე.

რეალურად რუსეთში საკმაოდ რთული მდგომარეობაა ნათესების მხრივ, მათ მოსავალი მოეყინათ და ბოლო 2 თვის განმავლობაში საპროგნოზო მაჩვენებელი 7 მილიონი ტონით შემცირდა, 90-დან 83 მილიონ ტონამდე. ამან გარკვეული დაღი დაასვა მსოფლიო ბაზარს. ასევე  ევროკავშირის  რამდენიმე ქვეყანაშიც პრობლემაა და შესაბამისად, მოსალოდნელი მოსავლის შემცირება მოხდა 10 მილიონამდე ტონით.

კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორი არის ის, რომ ალჟირის და ეგვიპტის ტენდერებია შესასრულებელი და ექსპორტიორები 700 000 ტონა ხორბალს ეგვიპტისთვის და 400 000 ტონა ხორბალს ალჟირისთვის ითვალისწინებენ, თუმცა გამყიდველები პაუზას იღებენ და არ ყიდიან იმ რაოდენობით, რაც იწვევს ფასების მატების  ტენდენციას. ფასების კლებისკენ არის კიდევ ერთი ფაქტორი  თურქეთმა აკრძალა ხორბლის შეტანა 15 ივნისიდან 15 ოქტომბრამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 4 მილიონი ტონა, რომელიც შედიოდა თურქეთში გათავისუფლდება,ეს უკვე  დამაბალანსებელი ფაქტორია. ორ კვირაში გვეცოდინება ზუსტი ტრენდი, რომელიც საქართველოს ბაზარზეც აისახება.“ - აღნიშნა ლევან სილაგავამ. 

commersant.ge