„კომისია ფასებს ვერ „დაუწევს“, როცა ბაზარზე მაღალი კონცენტრაციაა და ახალი მოთამაშეებისთვის შესვლა ძვირი და რთულია“, - ამის შესახებ ეკონომიკის ანალიტიკოსი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.
„ბუნებრივია, კომისია ფასებს ვერ „დაუწევს“, როდესაც ბაზარზე არის მაღალი კონცენტრაცია, სადაც 3–5 მსხვილი და ხშირად ურთიერთდაკავშირებული იმპორტიორი/საცალო ქსელი დომინირებს, ხოლო ბაზარზე ახალი მოთამაშეებისთვის შესვლა ძვირი და რთულია. აქედან გამომდინარე, გარდა საგარეო ფაქტორებისა სახეზეა შიდა სტრუქტურული პრობლემებიც.
ფასების მოძრაობის ასიმეტრიის კლასიკური მაგალითია როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ზეთის პირობითად +10% იანი გაძვირება, ჩვენთან საცალო ქსელებში ფასს +20–25% ით მაღლა წევს, მაგრამ როცა საერთაშორისო ფასი ზეთზე იკლებს იგივე -10%-ით, საცალო ფასის კლება ხშირად = 0% -ს უტოლდება, ეს უკვე შიდა სტრუქტურული პრობლემაა, და არა გარე. ეკონომიკაში ამ ასიმეტრიას ეძახიან ოლიგოპოლიურ ფაქტორსაც- „rocket and feather effect“ ანუ ფასი ზემოთ — რაკეტასავით, ხოლო ქვემოთ — ბუმბულივით.
მიმაჩნია, რომ მთავარი პრობლემა არის არა სურსათზე დღგ-ს შემცირებაში(უკვე ათეული წელია დღგ-ს განაკვეთი არ შეცვლილა) და არაერთი ე.წ ფასების შოკი ამ დღგ -ს პირობებში გადაიტანა ბაზარმა, არამედ გარდა ფასების ასიმეტრიისა, კიდევ ორ „მტკივნეულ წერტილში“:
კურსის რისკის პრემია ხშირად ზედმეტად მაღალია-5-8 %, მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაცვლითი კურსი სტაბილურია, ხოლო გასულ წელთან შედარებით სულაც 10 %-ით არის გამყარებული. რაც მთავარია, ძალიან მაღალია საცალო ქსელის ფასნამატი, რაც ყველაზე ნაკლებად გამჭვირვალეა და 30 -40 % -ს უტოლდება და ხშირად მეტიც. საუბარია ისეთ საბაზისო პროდუქტებზე, როგორიცაა: პური, ფქვილი, რძე, შაქარი, ზეთი, ბრინჯი, მაკარონი.
ზოგადად რომ განვმარტოთ „ეკონომიკურად გამართლებული“ ფასნამატი, ეს არის არა „რამდენსაც ბაზარი გადაიხდის“, როგორც აქ არასწორი ინტერპრეტაციბით ხდება, არამედ როდესაც ქსელი ფარავს ყველა ხარჯს, და იღებს ზომიერ მოგებას. რაც მთავარია, არ აზიანებს მომხმარებელს.
თავის მხრივ, ფასნამატი = ხარჯები + წმინდა მოგება. ითვლება, რომ ეკონომიკურად გამართლებული ფასნამატი ჩვენნაირ პატარა ბაზარზე საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე 14–18 % არის ნორმალური, ხოლო ზედა 20 % -იანი ზღვარია, რომლის ზემოთ უკვე პრობლემა იწყება, ხოლო 30 % + უკვე სისტემური პრობლემის ნიშანია და არა აუცილებლობა. ასეთი მაღალი ფასნამატი მხოლოდ ხარჯებით ვერ აიხსნება, იგი არის ბაზრის კონცენტრაციის შედეგი და არა ეკონომიკური აუცილებლობა!
თუ ევროპული ფასნამატი (gross-markup) არის საშუალოდ 20–25 %, საქართველოში ამავე პროდუქციაზე გაანგარიშებით შეიძლება იყოს 30–40 % ან მეტი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ფასნამატი დაახლოებით 10–20 პროცენტული პუნქტით მეტია ევროპულ სტანდარტთან შედარებით. მართალია, ევროპაში ფასნამატი დაბალია, მაღალი ბრუნვიდან გამომდინარე, თუმცა საქართველოში ფასები ხშირად იზრდება კონკურენციის სიმცირის, და არა მხოლოდ ხარჯების გამო.
მართალია, მთავრობამ შექმნა კომისია ფასების კვლევა-კოორდინაციისთვის, მაგრამ ასეთი ღონისძიებები უფრო რბილი ეფექტის მომტანია. ფასებს მაინც ბაზარი ადგენს, და თუ ბაზრის ფუნდამენტი არ იცვლება, შედეგიც მინიმალური იქნება. ამიტომაც, ხშირად ასეთ კომისიებს უფრო სარეკომენდაციო და ერთგვარი პოლიტიკური სიგნალის ფუნქცია აქვთ, ვიდრე ეკონომიკური ბერკეტის" , - აცხადებს ცუცქირიძე.













