საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ივნისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი საფინანსო და სადაზღვევო სექტორმა, სამშენებლო და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სექტორმა, ასევე ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორმა შეიტანეს, კლების ტენდენცია კი დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა.

ამასთან, 2024 წლის ივნისში საქონლის ექსპორტი გაზრდილია 6%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 10%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, ივნისში ქვეყანაში დაახლოებით 5 500-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის რიცხვებს 18%-ით ჩამორჩება. კლება ძირითადად განაპირობა უცხოელი ინდმეწარმე რეგისტრაციის მაჩვენებლის შემცირებამ.

როგორც საქსტატში აცხადებენ, ქვეყნების მიხედვით თუ განვიხილავთ, კლება ძირითადად რუსეთზე მოდის.

საქსტატის მონაცემებითვე, 11%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 13 მილიარდ 470 მლნ ლარი შეადგინა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე განმარტავს, რამ განაპირობა ივნისში ეკონომიკის 7.5%-იანი ზრდა დარგობრივ ჭრილში.

„საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლის ზრდით; მშენებლობის სექტორში ზრდა განაპირობა როგორც საცხოვრებელი, ასევე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობამ, ასევე გაზრდილია სპეციალიზებული სამშენებლო საქმიანობის მაჩვენებლები. აქვე მოვიშველიებ საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი ცემენტისა და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი.

ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე აღნიშნულ სექტორში საკონსულტაციო საქმიანობის მოცულობის გაფართოებასთან; ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყოს საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა გაზრდილი სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მიმართულებით; კლების ტენდენცია გამოვლინდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში, ეს ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან - გარკვეულწილად შემცირებულია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების მაჩვენებელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ივნისში ფეროსილიკონმანგანუმი ექსპორტის მონაცემებით დაახლოებით 70%-ით არის გაზრდილი. ასევე წარმოების შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა ტანსაცმლის მრეწველობაში", - განაცხადა თოდრაძემ.