ეკონომისტ პაატა ბაირახტარის თქმით, ბოლო პერიოდში, საქართველოში, ექსპორტის ზრდის ტემპი სტაბილურად აჭარბებდა იმპორტის ზრდის ტემპს. ახლა კი ვითარება შეიცვალა - ექსპორტი გაიზარდა მხოლოდ 5.7%-ით, მაშინ როცა იმპორტი 20%-ზე მეტად.

ბაირახტარი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ  ეს ცვლილება მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიგნალია, როგორც ეკონომიკური სტაბილურობის, ისე საგარეო ვაჭრობის სტრუქტურის თვალსაზრისით.

„საქართველოს დიდი ხანია, უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს, რაც ქვეყნისთვის მსუბუქად რომ ვთქვათ, კარგი არ არის. ამის გაუმჯობესების ერთ-ერთი მეთოდი ისაა, რომ ექსპორტი, როგორც წესი, მუდმივად იზრდებოდა და ეს ბუნებრივი იყო, რამდენადაც იმპორტი საკმაოდ მაღალი იყო და ექსპორტი ამას ერთიანად ვერ ეწეოდა - ეტაპობრივად იზრდებოდა ხოლმე წარმოებისა და ბიზნესის გაუმჯობესების ხარჯზე. ეს რა თქმა უნდა, დადებითი იყო და ქვეყნის ეკონომიკის ჯანსაღ მუშაობაზე მიუთითებდა და რაც მთავარია, ეკონომიკის პროგრესირებად ზრდაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, თუ დავაკვირდებით დინამიკას, ექსპორტის ზრდის ტემპი იკლებს და იმის ფონზე, რომ მიგრანტების ნაკადი იკლებს, იმპორტის ზრდა საკმაოდ მაღალია, 4-ჯერ აღემატება ექსპორტს. ეს  ტენდენცია ძალიან ბევრ პრობლემაზე მიანიშნებს, მათ შორის იმაზეც, რომ ქვეყანაში ბიზნესის გამოშვება იკლებს. თუ სხვადასხვა ინდექსს დავაკვირდებით, ეს მონაცემებში გამოჩნდა, ბიზნესი კი ამ პრობლემაზე ნათლად საუბრობს, აქედან გამომდინარე, დინამიკა სახარბიელო არ არის და დიდ ყურადღებას მოითხოვს“,- აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

commersant.ge