ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას აფასებს.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, არის სხვაობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალ ნაკადებსა და უცხოელ ინვესტორთა წინაშე სავალო ვალდებულებების (სესხების, კრედიტის) დაფარვას შორის.

წელს, მესამე კვარტალში დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადების მაღალო დონე.

სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების ჯამურმა მაჩვენებელმა 919 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიური გაანგარიშებით 30 პროცენტიანი ზრდაა, კონკრეტულად სააქციო კაპიტალი კი ორნახევარჯერ არის გაზრდილი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებამ, კერძო სექტორში პროდუქციის გამოშვების და მიღებული შემოსავლების უპრეცედენტოდ მაღალმა მაჩვენებლებმა შექმნა ხელსაყრელი პირობები და საუკეთესო დრო, რათა კორპორაციებს მნიშვნელოვნად დაეფარათ სავალო ვალდებულებები, რაც მათი ფინანსური სტაბილურობის და მდგრადობის ამაღლებაზე მიუთითებს.

მთლიანობაში სავალო ვალდებულებები მესამე კვარტალში 603 მილიონი დოლარით შემცირდა. შედეგად 2023 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მაჩვენებელი 316 მილიონ დოლარის დონეზე დაფიქსირდა“, - განმარტავს მიხეილ დუნდუა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.