Galt&Taggart-ი 2026 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.0%-დან 7.0%-მდე  ზრდის. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ძირითადად სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე აისახა, მაშინ როდესაც სხვა სექტორებში ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. მაღალი სასაქონლო ფასებისა და მზარდი ფულადი გზავნილების ფონზე, ექსპორტზე ორიენტირებული და შიდა ეკონომიკური აქტივობები კიდევ უფრო გაფართოვდა.

"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მარტში რეალური მშპ-ის წლიური ზრდა 10.7%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 8.8%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.1%-ით გაიზარდა. მარტის ზრდა ძირითადად განაპირობა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაცია და  კომუნიკაციის, პროფესიული და სამეცნირო საქმიანობის, მშენებლობის და ტრანსპორტის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, რაც ახლო
აღმოსავლეთიდან ტურიზმის კლებას ასახავს.