დაახლოებით 1 თვის წინ აშშ-ის საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ბიტკოინის სავაჭრო ფონდები, ანუ ETF-ები ოფიციალურად დაამტკიცა. ამ ეტაპზე დამტკიცებულია 11 განსხვავებული სავაჭრო ფონდი.

როგორც კომისიის ხელმძღვანელი, გარი გენსლერი აღნიშნავს, SEC-მა ETF-ების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღო, რაც საზოგადოების მაღალი ინტერესით იყო განპირობებული.

ამბის გავრცელების შემდეგ, საერთაშორისო კრიპტობირჟაზე მკვეთრი აღმასვლის ტენდენცია დაიწყო. ბიტკოინის ფასი 49,000 დოლარამდე გაიზარდა, ეთერიუმის ღირებულებამ კი 2,700 დოლარს მიაღწია, რაც მისი ერთწლიანი მაქსიმუმი იყო.

ინვესტორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ აღმასვლის ტენდენცია მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდებოდა და რამდენიმე კვირაში ბიტკოინის ფასი თავის ისტორიულ მაქსიმუმსაც მიუახლოვდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ამჟამად ბიტკოინის ფასი 43,000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ეთერიუმის ფასი კი 2,300 დოლარია, რაც დაახლოებით იგივე მაჩვენებელია, რომელიც ETF-ის დამტკიცებამდე ფიქსირდებოდა.