ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. სებ-ის თანახმად, საქართველოში დაკრედიტების წლიური ზრდა 13.4%-ია, რაც წინა პერიოდში არსებულ მაღალ საკრედიტო ზრდაზე ნაკლებია, რის გამო სები აღნიშნავს რომ ეკონომიკურ ზრდასა და სესხების მშპ-სთან ფარდობას შორის უარყოფითი თანაფარდობა მცირდება, რის გამოც ამ ეტაპზე ბუფერის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.

"2026 წლის იანვრის მონაცემებით, საბანკო სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. მიმდინარე წლის იანვარში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.4% შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წილი კვლავ ბიზნეს სესხებმა შეიტანა. 2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება, რის შედეგადაც ფარდობის გაპი კვლავ უარყოფითია. 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი, თუმცა კომიტეტის შეფასებით, აღნიშნული ფარდობა ეტაპობრივად დაუახლოვდება მის გრძელვადიან დონეს.

შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.

ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას,"- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.