„ეკონომიკური ზრდის დინამიკა მაღალია და პერსპექტივაში ძალიან კარგი შანსი გვაქვს, წლევანდელი წელიც მაღალი ზრდით დავასრულოთ“, - ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივის შესახებ ისაუბრა.

„წლის პირველი ორი თვის მანძილზე რასაც ვაკვირდებით: ფაქტობრივად, ბოლო ორი წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა თავისებურად გრძელდება. იანვარში ზრდის მაჩვენებელი ძალიან მაღალი გვქონდა, ორნიშნა იყო. თებერვალში ზრდა 8, 4 % იყო, მაგრამ ერთი რამ არ უნდა გამოგვრჩეს: შარშან ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა, თითქმის 18 -%იანი. შარშანდელი 18 %-იანი ზრდის ფონზეა 8, 5 % შესაფასებელი. ჩემი შეფასებით, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეკონომიკური ზრდის დინამიკა მაღალია და პერსპექტივაში ძალიან კარგი შანსი გვაქვს, წლევანდელი წელიც მაღალი ზრდით დავასრულოთ, ვგულისხმობ ორნიშნა ზრდას, ამას გაზრდილი საგარეო ვაჭრობა აჩვენებს. მაღალი ზრდა თავისით არ მოდის, ეს ეკონომიკური სუბიექტების ატივობის შედეგია. 

ესაა გაზრდილი საგარეო ვაჭრობა, მაგალითად, 2019 წელთან შედარებით 46 %-ითაა გაზრდილი. წინაკრიზისულ პერიოდს ვუსვამ ხაზს. ეკონომიკა რომ გაზრდილია, რაზეა ლაპარაკი. 2019 წელს ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი დაახლოებით 4 200 $ გვქონდა, დღეს დაახლოებით 6 700 $-ია. ბოლო 2 წელია 10 %-იანი ზრდა გვაქვს. ამ მაჩვენებლით მსოფლიოს წამყვან 10 ქვეყანას შორის ვართ, ევროპაში კი წამყვან 3 ქვეყანას შორის. ჩვენზე მაღალი მაჩვენებელი ირლანდიას აქვს.

რა პერსპექტივა გვაქვს – ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, საშუალოვადიან პერიოდში, ვგულისხმობ მომავალ 3 წელს, ორნიშნა , ან ორნიშნასთან ახლოს მყოფი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. ეს იმას ნიშნავს რომ, თუ მომავალ 3 წელს ამ ბოლო ორ წელსაც მივათვლით, აღნიშნულ პერიოდში, შეიძლება, ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდის ციკლი გვქონდეს. სწრაფი ეკონომიკური ზრდის ციკლი 5 წელიწადში ორმაგი ზრდით, ფაქტობრივად, ეკონომიკის გაორმაგებაა. გაორმაგება შემოსავლების გაორმაგებსაც და ზოგადად, ჩვენი კეთილდღეობის ზრდასაც ნიშნავს“ – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანას აქვს კარგი შანსი, ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემლად გახადოს.

„რა უნდა იყოს ამ წლებში ზრდის მაპროვოცირებელი ფაქტორები: გვაქვს ძალიან კარგი შანსი, ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემლად გავხადოთ. ჩვენ გვაქვს დიდი შანსი, როგორც შუა დერეფნის წამყვანი რგოლი გავძლიერდეთ. ეს შანსი რომ არსებობს, ამერიკის ელჩმაც დაადასტურა. კელი დეგნანმა ბოლო განცხადებაში თქვა, რომ საქართველოს აქვს შანსი, როგორც შუა დერეფანს, მთავარ რგოლს, დიდი გარღვევა გააკეთოს. ეს გულისხმობს პორტების, ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ყველა სატრანსპორტო არტერიის ორგანიზაციას, რაც ყველზე მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოსვლას.

გასულ წელს ყველაზე მაღალი მოცულობითი ინვესტიცია გვქონდა, 2 მილიარდზე მეტი იყო. ეს ისტორიული მაქსიმუმია, რომელიც ორი რამითაა მნიშვნელოვანი, პირველი ის, რომ კაპიტალში ინვესტიციებია გაზრდილი და გაზრდილია რეინვესტირების მაჩვენებელი. რეინვესტირება ისაა, რომ ინვესტორს დივიდენდი არ გააქვს და ქართულ ეკონომიკაში ტოვებს. როდის აკეთებს ამას – როცა აქვს წარმოდგენა, რომ ქვეყანას მომავალ წლებში სტაბილური განვითარება ექნება. თუ მაღალი ზრდა დავიჭირეთ, რეინვესტირება კიდევ გაიზრდება, ფულის აქედან გატანას არავინ მოინდომებს, პირიქით, ყველა ეცდება, ფული გაზრდილ ეკონომიკაში დატოვოს.
აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდთან შედარებით ინვესტიცია 61 %-ითაა გაზრდილი.

თუ ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ღერძი გახდება, გვაქვს შანსი, ინვესტიციები 2-დან 5 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. აქ ვგულისხმობ ანაკლიის პორტს , შავ ზღვაზე გამავალ ელექტროკაბელს , მათ მულტიპლიკაციურ ეფექტს. ამხელა ინფრასტრუქტურის მშენებლობები რომ იწყება, მას ხომ ქვედარგები აქვს, რომელიც ამ მშენებლობაში მონაწილეობს. თუ ავალთ 5 მილიარდამდე, ეს იმ პერიოდისთვის მშპ-ს დაახლოებით 15 % იქნება, შეიძლება, 17-იც“ – განაცხადა ცუცქირიძემ.