გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში.

21 ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 14 ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა 4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე, 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა.