„სესხებზე სავალუტო საპროცენტო განაკვეთების ზრდა იქნება“ - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმეში" განაცხადა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა განმარტა, რომ ეს განპირობებულია ევრო ზონასა და აშშ-ში ცენტრალური ბანკების მიერ პროცენტების ზრდით.

ამასთან, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდურობის მოთხოვნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა არჩილ მესტვირიშვილი ამბობს, რომ კონკრეტულად ეს არ გაზრდის უცხოური ვალუტის სესხის პროცენტს, მაგრამ ზრდა სხვა ფაქტორების გამო მოსალოდნელია.

„ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის, რადგან მოკლევადიანი ლიკვიდური სახსრები ბანკებს ისედაც უნდა ჰქონდეთ შენახული ლიკვიდურ აქტივებში. შესაბამისად, ამან გავლენა არ უნდა იქონიოს სესხებზე.

თუმცა, სესხებზე სავალუტო საპროცენტო განაკვეთების ზრდა იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ევრო ზონაში და აშშ-ში გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები და ისინი ნელ-ნელა გადმოეცემა ჩვენს ბაზარს. ზრდის ნაწილი უკვე ასახულია, ნაწილი მომავალში აისახება. ამ მოცემულობით, ეს არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი მატება, თუმცა გააჩნია იმას, გაგრძელდება თუ არა იქ ზრდა.

სესხებში ეს ლარიზაციას შეუწყობს ხელს, თუმცა დეპოზიტებში არა. ანუ აქ ცალსახა არ არის პასუხი“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.