2025 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 15.0%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, აეროპორტებმა მიიღო 1.4 მილიონი მგზავრი (15.4%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.4 მილიონი მგზავრი (14.7%-ით მეტი).

„2025 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.4 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

2025 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 10.8 ათასი შეადგინა, რაც 15.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამავე პერიოდში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 9.5 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 93.0 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.0 პროცენტი — გაგზავნილი.

2025 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 82.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ამავე პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 247.2 ათასი მგზავრი და გადატანილია 35.0 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 21.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 49.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.