2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 618.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1%-ით მეტია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1 401.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 5.7%-ით), ხოლო იმპორტი 4 217.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 20.1%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-მარტში, 2 816.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1%-ია.
„2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (298.6 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (176.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (140.3 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (654.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (587.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (512.9 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.0% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ (669.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (663.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (642.8 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 500.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35.7 %-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 54.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.9%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 53.0 მლნ. აშშ დოლარით (3.8%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 622.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.8 % შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 11.4 %), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 301.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1 %)“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.