საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რკინიგზის ტრანსპორტის ძირითად მაჩვენებლებს აქვეყნებს.
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოს რკინიგზის ხაზების მთლიანი სიგრძე 2024 წლის ბოლოსათვის 2 401.3 კილომეტრს შეადგენდა, საიდანაც ელექტროფიცირებული იყო 98.4 პროცენტი.
მათივე ცნობით, რკინიგზის ლიანდაგების გაშლილი სიგრძე იყო 1 939.2 კილომეტრი, რომლის 42.7 პროცენტი მთავარი ხაზების სიგრძეა, 30.1 პროცენტი - განშტოებების სიგრძე, 24.3 პროცენტი სადგურის ლიანდაგებია, ხოლო 2.9 პროცენტი - მისასვლელი ლიანდაგები.
„რკინიგზის ხაზების მთლიანი საექსლუატაციო სიგრძე 2024 წლის ბოლოსთვის 1 576.5 კილომეტრს შეადგენდა, საიდანაც ელექტროფიცირებული იყო 98.4 პროცენტი. მთავარი ხაზის საექსპლუატაციო სიგრძე იყო 529.9 კილომეტრი, რომლის 44.7 პროცენტი ერთლიანდაგიანია, 55.3 პროცენტი კი - ორლიანდაგიანი. საექსპლუატაციო მთავარი ხაზი სრულადაა ელექტროფიცირებული. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.9 პროცენტით მეტი, სულ 13.7 მლნ. ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 10.4 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.2 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.4 პროცენტი - ტრანზიტზე.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 74.4 პროცენტი მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 25.6 პროცენტი კი - ქვეყნიდან გატანილზე.
2024 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 42.1 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 27.1 პროცენტის გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 30.8 პროცენტი).
2024 წელს რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 10.2 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 10.1 პროცენტისას - ყაზახეთი, 8.1 პროცენტისას სომხეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 71.6 პროცენტი). 2024 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 16.1 პროცენტი - ნიდერლანდები, 8.2 პროცენტი - თურქეთი, 5.1 პროცენტი - ჩინეთი, 3.0 პროცენტი - აშშ, 3.0 პროცენტი - იტალია, 3.0 პროცენტი - რუმინეთი, 2.7 პროცენტი - უკრაინა, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 5.9 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.1 პროცენტისას - უკრაინა, 1.5 პროცენტისას - თურქეთი, 1.3 პროცენტისას - საბერძნეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 39.0 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე,
20.4 პროცენტი - ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 15.7 პროცენტი - ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე. 2024 წელს სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი
გადაზიდვების შემთხვევაში და 61.8 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 15.4 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 10.0 პროცენტი - სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტების სასაქონლო ჯგუფს. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47.0 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (17.8 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (11.7 პროცენტი), ძირითადი ლითონები (7.5 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (2.8 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (2.7 პროცენტი); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (42.1 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (26.0 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.2 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (10.9 პროცენტი). 2024 წელს ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 82.3 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (44.9 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (27.6 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (9.8 პროცენტი)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.