სს ‘ლიბერთი ბანკის’ საცალო საბანკო მიმართულების დირექტორის პოზიციაზე ნინო ჩადუნელი დაინიშნა.

ნინო ჩადუნელი საბანკო სფეროს პროფესიონალია, რომელსაც ფინანსურ სექტორში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. ლიბერთის გუნდში შემოერთებამდე, ნინო იკავებდა საცალო საბანკო მიმართულებით ლიდერულ პოზიციებს ‘თიბისი’-ში. ნინო ჩადუნელი ბოლო წლებში პასუხისმგებელი იყო თიბისი ბანკის უზრუნველყოფილი სესხების ბიზნეს მიმართულებაზე.

„მოხარული ვარ, რომ ნინო შემოუერთდა ლიბერთის მენეჯმენტის გუნდს. მისი გამოცდილება საცალო საბანკო მიმართულებით ბანკისთვის მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი აქტივი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ნინო თავისი ცოდნითა და ხედვით ლიბერთის უნივერსალიზაციის გზაზე, სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.“ – ბექა გოგიჩაიშვილი, ლიბერთის გენერალური დირექტორი.

„ჩემთვის დიდი პატივია ლიბერთის გუნდში შემოერთება. ლიბერთის გააჩნია უმსხვილესი და უნიკალური ქსელი, რაც უზრუნველყოფს საბანკო სერვისების ხელმისაწვდომობას ქვეყნის ყველა კუთხეში, სხვადასხვა სეგმენტისთვის. განვითარებული ქსელი კი თავისთავად კარგი პლაცდარმია ახალი, მასშტაბური და საინტერესო ინიციატივებისთვის. მომხმარებლების მოლოდინები დღეს განსაკუთრებით დინამიკურია – მათ ტრადიციულ საბანკო სერვისებთან ერთად ახალი, მათზე მორგებული გამოცდილებები ესაჭიროებათ.

ჩვენი მიზანია, ფართო აუდიტორიისთვის ინოვაციური სტრატეგიების შემუშავება, ე.წ client centric ფილოსოფიის მუდმივ რეჟიმში განვითარება და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება - რაც თავის მხრივ საწინდარია ლიბერთის საცალო სეგმენტის ბოლო ორი წლის მზარდი ტენდენციების გასავითარებლად და ახალ საფეხურზე გადასაყვანად.“– ნინო ჩადუნელი, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

სს „ლიბერთი ბანკის“ შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 5 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. დამატებითი ინფორმაციისთვის: PR@lb.ge