საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის ფარგლებში, ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა „ტურიზმის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.

ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად გაანალიზდა ის სიახლეები, რომელსაც საკანონმდებლო პაკეტი ბიზნეს სექტორს სთავაზობს, მათ შორის, ტურიზმის სფეროში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპები და ინსტრუმენტები, ტურისტული სერვისების სუბიექტები და მათი ვალდებულებები, ისევე როგორც, სერტიფიცირებასა და ფინანსური რისკის დაზღვევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომაზე საუბარი შეეხო იმ საგადასახადო შეღავათებს, რომელიც ზოგიერთი ტიპის ტურისტულ ბიზნესებზე გავრცელდება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს, როგორც ზემოხსენებული ცვლილებებისა და სიახლეების, ასევე, პროცესის ადმინისტრირებისა და პასუხისმგებლობის მიმართულებით.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ტურიზმის კომიტეტის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ტურიზმის შესახებ კანონპროექტის დეტალური განხილვა მოხდა, რადგან საქართველოს პარლამენტის წარდგენილი პროექტით შემოთავაზებულია სიახლეები, რომელიც ამ დარგში მომუშავე ბიზნეს ოპერატორებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. შეხვედრაზე პოზიციებისა და მოსაზრებების შეჯერება მოხდა, რაზეც შესაბამის უწყებებთან აქტიურად ვაპირებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.