ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს.
IMF-ის მისია ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით საქართველოში 29 იანვრიდან იმყოფებოდა, შეხვედრები გაიმართა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკთან. არსებული ინფორმაციით, მისიის მიზანს წარმოადგენს საქართველოსთან ახალი პროგრამის მონახაზის შექმნა, რომლის შესაბამისადაც ქვეყანაში შესაძლოა IMF-ის ახალი პროგრამა დაიწყოს. თუმცა, თავის მხრივ ქართული ოცნების მთავრობის განცხადებით, პროგრამას დათანხმდებიან მხოლოდ მაშინ თუ IMF-ის წინადადება მათთვის "საინტერესო იქნება", რის შესახებაც განცხადება 20 იანვარს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა.
"ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, მიმოიხილეს და შეჯერდნენ არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების თანხვედრაზე. ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.