2021 წლიდან 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, 31 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებულ 77 სათამაშოს დოკუმენტური შემოწმების შემდეგ, რეალიზაცია შეუჩერდა, ტექნიკური შემოწმების საფუძველზე კი, რიგი შეუსაბამობები გამოვლინდა სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრებში, მუსიკალურ სათამაშო ქსილოფონსა და 8 სახეობის ტყლარწში.

უფრო კონკრეტულად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შემოწმდა შემოსავლების სამსახურის საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონებიდან შემოსული 8146 სათამაშო.

სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტური შემოწმება ჩაუტარდა 45 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებულ 130 დასახელების სათამაშოს, საიდანაც რეალიზაცია შეუჩერდა 31 ეკონომიკური ოპერატორის მიერ განთავსებულ 77 სათამაშოს, ხოლო 4 ეკონომიკურ ოპერატორს დადასტურებული საფრთხის საფუძველზე დაევალა ბაზარზე განთავსებული 4 სათამაშოს გამოთხოვა.

გარდა ამისა, ადგილობრივ ბაზარზე ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდა 28 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებულ 71 სათამაშოს.

„8 სათამაშოს შემთხვევაში ველოდებით ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, ხოლო 26 სათამაშოს შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ არსებობს შემდეგი სახის შეუსაბამობები: სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრების (სერია MBK-326, მწარმოებელი MEI BO KAI) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სათამაშო შეიცავს 191.8 მგ/კგ ტყვიას, რაც 95.9-ჯერ აღემატება დასაშვებ ლიმიტს. ეკონომიკურ ოპერატორს დაევალა აღნიშნული სათამაშოს გამოთხოვა; მუსიკალური სათამაშოს ქსილოფონის (სერია/მარკა: frog insects knock xylophone მწარმოებელი - Mut) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოს ძვრება საღებავი, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს სასუნთქი გზების დახშობა და ბავშვის გაგუდვა, ვინაიდან ქსილოფონი განკუთვნილია სამწლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა დამახასიათებელი ქცევაა სათამაშოების პირში ჩადება და შესაბამისად სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო არ უნდა შეიცავდეს მცირე ზომის ნაწილებს და არ უნდა ძვრებოდეს ისინი;

სხვადასხვა ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული 8 ტყლარწის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თითოეული ტყლარწი შეიცავს ბორის მიგრაციის დასაშვებ ნორმაზე მეტ ოდენობას, რომელიც თითოეულ შემთხვევაში 2-ჯერ, 10-ჯერ და 30-ჯერაც კი აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. ბორი წარმოადგენს კარცეროგენურ, მუტაგენურ და ტოქსიკური რეპროდუქციის CMR ნივთიერებას, რომელიც იწვევს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელ დაზიანებას, როგორიცაა სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა. ეკონომიკურ ოპერატორებს დაევალათ აღნიშნული სათამაშოების გამოთხოვა;

სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 13 სხვადასხვა სათამაშოს შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სათამაშოებს ძვრებოდა მცირე ნაწილები. სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელი ქცევაა სათამაშოების პირში ჩადება, შესაბამისად, მცირე ზომის ნაწილების გადაყლაპვამ შესაძლოა, გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები.

აღნიშნული სათამაშოებია: სათამაშო ქსილოფონი (სერია/მარკა: HP622, მწარმოებელი - HAO PENG DA TOYS FACTORY); სააბაზანო სათამაშო (სერია/მარკა: 111-1 მწარმოებელი - XIONG LI TOYS FACTORY); სათამაშო ქსილოფონი (სერია/მარკა:NO 969-2, მწარმოებელი - PENG SHENG); საჩხაკუნო სათამაშო (სერია/მარკა: უცნობი, მწარმოებელი - უცნობი); საჩხაკუნო სათამაშო (სერია/მარკა: უცნობი, მწარმოებელი - meile bab); სააბაზანო სათამაშო (სერია/მარკა: უცნობი, მწარმოებელი - SHFNG DA HONG TOYS); მუსიკალური სათამაშო (სერია/მარკა: უცნობი, მწარმოებელი - უცნობი); სათამაშო ქსილოფონი (სერია/მარკა: უცნობი, მწარმოებელი - vivi wood toys); საჩხაკუნო სათამაშო (სერია/მარკა: 514, მწარმოებელი -უცნობი); სათამაშო იარაღი (მწარმოებელი: უცნობი, სერია/მარკა 949-32); სათამაშო ქსილოფონი (სერია/მარკა: უცნობი, მწარმოებელი - უცნობი); სათამაშო ქსილოფონი (სერია/მარკა: უცნობი, მწარმოებელი - JIAYI toys factory). ეკონომიკურ ოპერატორებს დაევალათ აღნიშნული სათამაშოების ბაზრიდან ამოღება. სათამაშო იარაღების (სერია/მარკა - 320-3, მწარმოებელი - უცნობი); (მწარმოებელი: უცნობი, სერია/ მარკა 949-32) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ იარაღის ტყვიებს ძვრება მცირე ნაწილები, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ბავშვის ხორხში და გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები. ეკონომიკურ ოპერატორებს დაევალათ აღნიშნული სათამაშოების ბაზრიდან ამოღება. სათამაშო კარვის (მწარმოებელი - უცნობი, სერია/მარკა - NO.333-164)) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშო კარავზე არ არის დატანილი გამაფრთხილებელი მითითება - „გაფრთხილება - მოარიდეთ ცეცხლს“. ეკონომიკურ ოპერატორს დაევალა აღნიშნული სათამაშოს რეალიზაციის შეჩერება“,- აცხადებენ სააგენტოში.

რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, 2020 წლის განმავლობაში სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეამოწმა 109 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული 361 სათამაშო. შედეგად, გაიცა რეკომენდაციები ეკონომიკური ოპერატორების საქმიანობის რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

„22 სათამაშო გაგზავნილ იქნა საზღვარგარეთ არსებულ შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ქიმიურ შემადგენლობაზე შემოწმების მიზნით, საიდანაც ორმა მათგანმა, კერძოდ ტყლარწებმა, ვერ დააკმაყოფილა სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები. პირველ შემთხვევაში (მწარმოებელი შპს „გამა“, სერიის ნომერი-762450017573) შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქიმიური ელემენტი ბორის მიგრაცია იყო 1038.52 მგ/კგ, რაც სამჯერ აჭარბებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის No47 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ დადგენილ ნორმას. მეორე ტყლარწთან დაკავშირებით დადგინდა, რომ ქიმიური ელემენტის, ბორის, მიგრაცია იყო 537.15 მგ/კგ, რაც ორჯერ აღემატება „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრულ ნორმას“,- აღნიშნულია სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ამ თემაზე „ინტერპრესნიუსი“ დაუკავშირდა სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „პეპელას“, სადაც აცხადებენ, რომ მათმა პროდუქტმა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შემოწმების ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და შესაბამისად, მათ არცერთ სათამაშოს რეალიზაცია არ შეჩერებია.

როგორც „პეპელას“ სამართლის ჯგუფის დირექტორი ანა ბაქრაძე განმარტავს, „პეპელასთვის“ ხარისხიანი და უსაფრთხო სათამაშო პრიორიტეტია და მხოლოდ ისეთ მწარმოებლებთან თანამშრომლობენ, რომლებსაც სათამაშოს უსაფრთხოების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვთ.

„სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ამოქმედებამდეც, „პეპელაში“ მხოლოდ ისეთი პროდუქცია იყო წარმოდგენილი, რომელიც აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რაც არის დადგენილი ევროპული ბაზრისათვის. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტი, რომ „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ამოქმედებამდე ჩვენმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ე.წ. საცდელ შემოწმებაში, რომელიც ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული. შემოწმების დროს მოხდა როგორც სათამაშოების ეტიკეტისა და დოკუმენტური ნაწილის შესაბამისობის შემოწმება, ასევე ჩვენმა პროდუქციამ წარმატებით გაიარა ლაბორატორიული შემოწმების ეტაპი.

ზემოთხსენებული რეგლამენტის ამოქმედების შემდგომ, როდესაც ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელდა „პეპელას“ შემოწმება რამდენჯერმე და მათი მხრიდან ამოღებულ იქნა შესამოწმებლად ათ დასახელებამდე პროდუქტი, ასევე წარმატებით გაიარა შემოწმების ყველა ეტაპი, როგორც დოკუმენტური, ასევე ლაბორატორიული. შესაბამისად „პეპელა“ არ არის იმ ეკონომიკურ ოპერატორთა სიაში, რომელთა პროდუქციის შემოწმების შემდეგ გამოვლინდა შეუსაბამობები, შესაბამისად ჩვენი არც ერთი სათამაშოს რეალიზაცია არ შეჩერებულა.

ვინაიდან „პეპელასთვის“ ხარისხიანი და უსაფრთხო სათამაშო არის პრიორიტეტი, „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ამოქმედებამდე და შემდგომაც ყოველთვის ვცდილობდით და ვცდილობთ მხოლოდ ისეთ მწარმოებლებთან თანამშრომლობას, რომლებსაც აქვთ ყველა ის დოკუმენტი და სერტიფიკატი, რაც ადასტურებს სათამაშოს უსაფრთხოებასა და ხარისხს. თითოეული პროდუქტის არჩევას, რომელიც შემდგომში ბავშვების ხელში უნდა აღმოჩნდეს, დიდი სიფრთხილით ვეკიდებით და საბოლოოდ მომხმარებლებს ვთავაზობთ ხარისხიან და უსაფრთხო სათამაშოს, რომელიც დამზადებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში სანდო მწარმოებლების მიერ“,- განაცხადა „პეპელას“ სამართლის ჯგუფის დირექტორმა ანა ბაქრაძემ.