სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აზიის მეცნიერებათა აკადემიას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ელჩინ ხალილოვმა.
მემორანდუმის ხელმოწერისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, ჯიღაურას ბაზაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და ცენტრის სამეცნიერო ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის ორმხრივად სასარგებლო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, მკვლევრებისა და დოქტორანტების გაცვლას, სამეცნიერო ინფორმაციის, პუბლიკაციებისა და მონაცემების გაზიარებას, ასევე ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა „ჰიდრო-ბიო-ინტელექტუალური MagVortex ტექნოლოგიის“ საქართველოში ერთობლივ გამოცდასა და კვლევას, რომლის გამოყენებაც სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის სფეროებშია გათვალისწინებული.
„ვფიქრობ, აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვანია, რადგან იგი მიმართულია ინოვაციების ტრანსფერისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს ჩინეთში. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც აღნიშნული ინოვაციური პროექტის განხორციელება დაიწყება“, - აღნიშნა აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა და ZEOMAG ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ელჩინ ხალილოვმა.
შეხვედრის ფარგლებში, ელჩინ ხალილოვმა MagVortex-ის ტექნოლოგიის შესახებ პრეზენტაცია გამართა, სადაც ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობები, ტექნიკური მახასიათებლები და პოტენციალი წარმოადგინა.
მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, ერთობლივი კვლევისა და ტესტირების მიზნით, MagVortex-ის მოწყობილობები გადაეცა. მოწყობილობები წყლის სამგანზომილებიან მაგნიტურ ველში დამუშავებისთვის გამოიყენება და აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელებისას მათი გამოყენება ხელს უწყობს მცენარის ზრდა-განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, მოსავლიანობის ზრდასა და დაავადებების გავრცელების რისკის შემცირებას.
„უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება. მოხარული ვართ, რომ საქართველოში ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიის კვლევისა და დანერგვის შესაძლებლობა გვეძლევა. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და სოფლის მეურნეობის სფეროში მათი გამოყენების შესაძლებლობების შესწავლას“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.













