"როცა ანალიტიკოსები, ეკონომისტები და იურისტები და საკითხში ჩახედული სხვა სპეციალისტები ამბობენ, რომ "ბრიტანულ-ქართულ აკადემიის" საკითხზე მიმდინარე დავის კონტექსტში, მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას მიერ საჯაროდ გამოთქმული პოზიციები არაარგუმენტირებული და, შესაბამისად, გაუგებარი და მიუღებელია, - ეს ბუნებრივია, რამდენადაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ნათია ჯანაშიას მხარის ნარატივი მხოლოდ ემოციებზეა დაფუძნებული, საკითხის რეალური არსიდან საზოგადოების ყურადღების გადატანაზეა ორიენტირებული და უმეტეს შემთხვევაში, დიფამაციურ, ყალბ და ცილისმწამელურ ხასიათს ატარებს. 

თუმცა, როგორც ჩანს, მისი ნარატივის აბსურდულობა მხოლოდ სპეციალისტების მიერ არ არის შემჩნეული. სოც ქსელში ნათია ჯანაშიასთან აქტიურ პოლემიკაში შესული ცნობილი ჟურნალისტის, მზია ნოზაძის მიერ გამოთქმული მოსაზრებებიც ამის დასტურია", - ნათქვამია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" - აფბას სოციალური მედიის მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აფბა "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

აფბას მონიტორინგის სამსახურის ანალიტიკოსების ყურადღება მიიპყრო, სოცქსელში, ნათია ჯანაშიასთან აფილირებულ რესურსზე განთავსებული პუბლიკაციის კომენტარებში ჟურნალისტ მზია ნოზაძის დისკუსიამ ნათია ჯანაშიასთან და მისი პოზიციების კრიტიკამ.

„აბსურდული კონფლიქტია. ყოველგვარ ნორმალურობის ფარგლებსაა გაცილებული ყოფილი მესაკუთრეების და დამფუძნებლების პრეტენზიები. რომელი სულელი იყიდდა ბიზნესის 70%-ს ისე, რომ ყოფილ მფლობელებს მაინც მართვის ბერკეტებს სრულად დაუტოვებდა.ციცქნა პაკეტის მფლობელს, რომელიც შეგნებულად ანგრევს ახალი პარტნიორის და ინვესტორის რეპუტაციას, შეურაცხყოფს, აბულინგებს,  პროვოკაციებით და ძალით  ცდილობს გაყიდული ბიზნესის დაბრუნებას, რომელი იდიოტი კაპიტალისტი დაუთმობდა დასახარჯად საკუთარ ფულს?“ - კითხულობს ქალბატონი მზია ნოზაძე.

აფბას გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცხადია რომ ჟურნალისტის კითხვებზე ნათია ჯანაშიას მხარე პასუხს ვერ სცემს. პოლემიკის დროს განსაკუთრებულად გამოირჩა, მზია ნოზაძის მიერ მოტანილი შედარებები იმ კომენტარის საპასუხოდ, სადაც ნათია ჯანაშია ამბობს, რომ გადაუხდის იგივე თანხას ინვესტორს, რაც მან 2019 წელს გადაიხადა 70%-იან წილში და ასე გაისტუმრებს კომპანიიდან. მზია ნოზაძე ნათია ჯანაშიას ერთადერთ ოპტიმალურ გამოსავალს კონკრეტული მაგალითების ჩვენებით სთავაზობს:

„ერთ-ერთი ბინა, რომელშიც ახლა ვიმყოფები $5000-ად მაქვს ნაყიდი წარსულში, მინიმუმ 30 000-40 000 დოლარი ღირს ახლა და ყოფილმა მფლობელმა გადახდილი ფული რომ მომცეს, დავუთმობ სახლს? ოცდაათიოდე წლის წინათ მუხიანში 300$-ად გავყიდეთ მიწის ნაკვეთი, რომელიც ახლა რამდენიმე ათეულ ათასი ღირს, მივადგე ახლანდელ მფლობელს დავუბრუნო რაც გადაგვიხადა და ნამდვილად შეელევა და დატოვებს იქაურობას? რა მიამიტობას წერთ? ფასს ახლა თქვენ, ყოფილი მფლობელი კი არ ადგენთ, არამედ, ახლანდელი. შესთავაზეთ იყიდოს დარჩენილი პაკეტიც".

აფბას სოციალური მედიის მონიტორინგის სამსახური  სოციალური ქსელების ანალიზს ახორციელებს და დაინტერესებული საზოგადოებისთვის პერიოდულად წარმოაჩენს დავასთან დაკავშირებულ პოლემიკას.